რუსეთი-სომხეთი

ზახაროვა: სომხეთის მთავრობა გამიზნულად ანადგურებს ჩვენ შორის მოკავშირეობას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

რუსეთმა სომხეთის ხელისუფლება უკრაინის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში სომეხი მაღალჩინოსნის მონაწილეობის გამო გააკრიტიკა.

სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა 60 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად მალტაში, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიცირებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. გრიგორიანი ასევე შეხვდა ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, გრიგორიანის ვიზიტი მალტაში "ოფიციალური ერევნის მხრიდან ანტი-რუსული ჟესტის დემონსტრაციაა". ზახაროვამ ეს დაუკავშირა 6 ოქტომბერს, ესპანეთში, ევროპულ სამიტზე ზელენსკისა და ფაშინიანს შორის შეხვედრას და ფაშინიანის ცოლის, ანა ჰაბოკიანის სექტემბრის ვიზიტს კიევში.

"ვფიქრობ, ერევანში უნდა გაიაზრონ, რომ ეს დემონსტრაციული ფლირტია მათთან, ვინც აგრესიულად ეწინააღმდეგება ჩვენ ქვეყანას. დასანანია, რომ სომხეთის არსებული ხელისუფლება გამიზნულად და დაჟინებით ანადგურებს ჩვენ სამოკავშირეო ურთიერთობებს, რასაც, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, თვითონ მოიხსენიებდა მთავარ ფაქტორად სომხეთის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის". – ამბობს ზახაროვა.

კომენტარები