რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: გაფართოების პროცესი EU-ს რეფორმის მძევალი არ უნდა გახდეს, საჭიროა სწორი ბალანსი

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, კიევის პოზიციია, რომ გაფართოების პროცესი ევროკავშირის რეფორმის მძევალი არ უნდა გახდეს და საჭიროა სწორი ბალანსის პოვნა რეფორმის პროცესსა და გაფართოების გაგრძელებას შორის. ამის შესახებ კულებამ ბერლინში კონფერენციის დაწყებამდე ისაუბრა.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მთავარია, რომ ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე იყოს დაფუძნებული.

"არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს შეუძლია, დაუშვას გაჭიანურებული რეფორმა. ჩვენ ვახორციელებთ რეფორმას და ამ პროცესს გავაგრძელებთ. ჩვენ შეგვიძლია კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი ჩვენი რეფორმების ჩატარება უფრო სწრაფად, ვიდრე ევროკავშირი მოახდენს საკუთარი რეფორმების გატარებას. მთავარია, გაფართოება დამსახურებაზე იყოს დაფუძნებული, რომელიც პატივს სცემს თითოეული ქვეყნის ტემპსა და დინამიკას. გაწევრიანება არ უნდა გადაიდოს ან შეყოვნდეს რეფორმის გამო. უფრო ფართო ევროკავშირი უკეთესია ყველა ჩვენგანისთვის. ჩემი აზრით, რომ ევროკავშირს სჭირდება, იყოს უფრო დიდი, რათა გახდეს უფრო ძლიერი. ეს ძალიან მარტივია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა უნდა შეფასდეს დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით. ვფიქრობ, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ ევროპის ყველა ქვეყანამ და კანდიდატმა ქვეყნებმა აჩვენონ მტკიცე ვალდებულება კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების წინაშე და ეს იყოს ურთიერთობებში შემდგომი წინსვლის წინაპირობა". - თქვა კულებამ.

ამავდროულად, კულებას თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე ევროკავშირის რეაქციამ აჩვენა, რომ ევროკავშირს შეუძლია იყოს მეტად აქტიური.

"ვფიქრობ, რომ ტრადიციულად ევროკავშირი მიყვება პოლიტიკას – შევინარჩუნოთ სტატუს-კვო და გვქონდეს რეაქცია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ევროკავშირის რეაქციამ და მიდგომამ კი აჩვენა, რომ ევროკავშირს გაცილებით მეტი შეუძლია. დროა სტატუს-კვოს შენარჩუნებისა და რეაქციისგან, სტატუს-კვოს შექმნასა და აქტიური ნაბიჯების გადადგმაზე გადავიდეთ". - აღნიშნა კულებამ.

კომენტარები