აფხაზეთი-რუსეთი

სამოკავშირეო სახელმწიფოში აფხაზეთის გაწევრიანების განხილვა სოხუმში გადაიდო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანების საკითხის განხილვა გადაიდო

ამ საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის გაერთიანებული სხდომის ჩატარება 1-ელ ნოემბერს იგეგმებოდა. კომიტეტის თავმჯდომარის, ალხას ბარციცის თქმით, შეხვედრა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას "არყოფნის გამო" არ შედგა.

"სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა პლატფორმაზე გვესმის, რომ მიმდინარეობს დისკუსია აფხაზეთის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანებაზე. ამის საფუძველზე დეპუტატებმა გამოთქვეს სურვილი, მოეწვიათ შესაბამისი დეპარტამენტი, კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეკითხათ, რაზე იყო საუბარი". - თქვა ბარციცმა.

"ჩვენ გვესმის, რომ დღეს არსებობს სამოკავშირეო სახელმწიფო რუსეთსა და ბელარუსს შორის, მაგრამ არის თუ არა ეს ფორმა ჩვენთვის შესაფერისი ჩვენი შიდა პროცესების, ჩვენი კონსტიტუციის სპეციფიკიდან გამომდინარე? არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ეხება ჩვენს მოსახლეობას და დეპუტატებს". - დაამატა მან.

ბარციცის თქმითვე, ე.წ. საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, შესაძლოა, მომავალ კვირას ინალ არძინბას მონაწილეობით გაიმართოს.

აქამდე, 2021 წელს აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ აფხაზეთმა "თავისი სუვერენიტეტის ნაწილი უნდა დათმოს".

გარდა ამისა, 2022 წლის აგვისტოში მან აღნიშნა, რომ "აფხაზეთი მზადაა, შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსისა და სხვა სახელმწიფოების სამოკავშირეო სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება შეიქმნას უკრაინის ომის შემდეგ".

კომენტარები