აფხაზეთი-რუსეთი

პუტინი ბჟანიას: მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე, ყველაფერი საუკეთესო თქვენ

Эхо Кавказа

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა. შეხვედრა საგანმანათლებლო ცენტრ სირიუსში გაიმართა. როგორც შეხვედრისას პუტინმა აღნიშნა, ასლან ბჟანიას შვილები სწორედ ამ საგანმანათლებლო ცენტრში სწავლობენ.

შეხვედრისას პუტინმა ბჟანიას და აფხაზ ხალხს რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების 15, ხოლო "საქართველო-აფხაზეთის ომში გამარჯვების 30 წლისთავი" მოულოცა.

"ასლან გეორგიევიჩ, სულ ახლახან აფხაზეთმა აღნიშნა ორი დღესასწაული - აღიარების დღე, გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე, მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო თქვენ, მთელ აფხაზეთს, მთელ აფხაზ ხალხს.

საუბრის დასაწყისში მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად სიტუაცია კარგად ვითარდება - ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 73%-ით გაიზარდა. რუსეთის ფედერაციის 64 რეგიონი ინარჩუნებს ურთიერთობას აფხაზეთთან ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სფეროებში. 200-ზე მეტი ერთობლივი საწარმო მუშაობს და ვიმედოვნებ, რომ ისინი გააგრძელებენ მუშაობას". - თქვა პუტინმა.

ამასთან, ბჟანიამ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს ბოლო პერიოდში "დამატებითი ბიძგი" მიეცა.

"ჰარმონიზაციის პროცესი მიმდინარეობს, ბევრი რამ გაკეთდა ჰარმონიზაციის კონტექსტში, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამიტომ, ეს არის ის, რაც აახლოებს ჩვენს პოზიციებს ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცისა და თავდაცვის სივრცის შექმნის ფარგლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას ვაკეთებთ და გავაგრძელებთ კიდეც". - თქვა ბჟანიამ. 

გარდა ამისა, მადლობა გადაუხადა პუტინს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის.

"ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, ახლახან მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული ფორმით. ეს ასევე დიდი ნაბიჯია, რადგან ჩვენი მოქალაქეები ამ მხრივ ძალიან პოზიტიურად განწყობილნი არიან. ჩვენ გვინდა მივყვეთ და მივყვებით იმ შეთანხმებებს, რომლებიც გაწერილია ჩვენს ფუნდამენტურ დოკუმენტებში. ჩვენ გვინდა მონაწილეობა მივიღოთ იმ ინტეგრაციულ პროცესებში, რომელიც რუსული მხარის მიერ არის ინიცირებული, რუსეთის მონაწილეობით, რადგან ეს შეესაბამება აფხაზეთის ფუნდამენტურ ინტერესებს, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია". - თქვა ბჟანიამ.

აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბჟანიასა და პუტინს შორის სოჭში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამავე ინფორმაციით, ბჟანია შეხვედრის შედეგებს დადებითად აფასებს. 

კომენტარები