გერმანია-ტანზანია

შტაინმაიერმა ტანზანიას გერმანიის მიერ წარსულში ჩადენილი სისასტიკეების გამო პატიება სთხოვა

Agence France-Presse

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ტანზანიას მისი ქვეყნის მიერ 1900-იან წლებში ჩადენილი კოლონიალური სისასტიკეების გამო პატიება სთხოვა.

1900-იან წლებში, მაჯი მაჯის სახელით ცნობილი ანტიკოლონიალური აჯანყების ჩახშობის დროს გერმანულმა ძალებმა 300 000-მდე ადამიანი მოკლეს.

"მსურს პატიეაბა ვითხოვო იმისთვის, რაც აქ გერმანელებმა თქვენს წინაპრებს უქნეს. ის რაც აქ მოხდა, ჩვენი საერთო ისტორიაა – თქვენი წინაპრების ისტორია და ჩვენი წინაპრების ისტორია გერმანიაში". - თქვა შტაინმაიერმა ქალაქ სონგეაში, აჯანყების ადგილზე მდებარე მუზეუმში.

როგორც BBC აღნიშნავს, მაჯი მაჯის აჯანყება გერმანიის პოლიტიკამ გამოიწვია, რაც, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის საექსპორტოდ ბამბის წარმოების იძულებას მოიცავდა.

ამასთან, პრეზიდენტმა შტაინმაიერმა გამოთქვა იმედი, რომ ტანზანია და გერმანია შეძლებდნენ "წარსულის გაააზრებაზე ერთობლივ მუშაობას".

მაჯი მაჯის აჯანყების ჩახშობის დროს ამბოხებულთა ზოგიერთი ლიდერის თავი გერმანიაში, მუზეუმებში გამოსაფენად წაიღეს. მათ შთამომავლებს კი თავის ქალების ადგილმდებარეობის დასადგენა და მათი დაბრუნება დეენმის ტესტის დახმარებით მოუწიათ.

შტაინმაიერმა სხეულის ნაწილების სამშობლოში დაბრუნების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "გერმანია შეეცდება იპოვოს პასუხები იმ პასუხგაუცემელ საკითხებზე, რომელიც ტანზანიელებს მოსვენებას არ აძლევს".

გერმანიის აღმოსავლეთ აფრიკის კოლონია ტანზანიასთან ერთად, დღევანდელი რუანდას, ბურუნდისა და მოზამბიკის ტერიტორიის ნაწილს მოიცავდა.

კომენტარები