ჩრდილოეთ კორეა-რუსეთი

სამხრეთ კორეის მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი გადასცა

სამხრეთ კორეის მმართველი პარტიის დეპუტატის, იუ სანგ ბუმის თქმით, სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურს (NIS) აქვს ინფორმაცია, რომ აგვისტოდან მოყოლებული ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს იარაღი, სულ მცირე, ათჯერ გადასცა. 

დეპუტატის თქმით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ამ პერიოდში დაახლოებით ერთ მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი გადასცა, რასაც რუსეთი უკრაინაში იერიშების მისატანად იყენებს.

"სამხრეთ კორეის ეროვნულმა დაზვერვის სამსახურმა შეისწავლა, რომ ერთ მილინზე მეტი გადაცემა მოხდა. ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ეს მარაგი რუსეთს უკრაინაში საომრად დაახლოებით ორი თვე ეყოფა". – თქვა იუმ. 

ორივე, ჩრდილოეთ კორეა და რუსეთიც უარყოფენ აშშ-სა და სამხრეთ კორეის ბრალდებებს იარაღის გადაცემის თაობაზე.

18 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ორდღიანი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა.

ლავროვმა ჩრდილოეთ კორეას მადლობა გადაუხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში მხარს უჭერენ.

ლავროვის ვიზიტს წინ უსწრებდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის სექტემბრის ვიზიტი მოსკოვში, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ჩრდილოეთ კორეის თანამგზავრული პროგრამასა და უკრაინის ომზე ისაუბრეს. 

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეაში სუნ კიმი, მოსკოვსა და ფხენიანს შორის ურთიერთობების გაღრმავებას "შემაშფოთებელს" უწოდებს მას შემდეგ, რაც წინა კვირას, თეთრმა სახლმა ფხენიანი რუსეთისათვის იარაღის გადაცემაში დაადანაშაულა. 

თეთრი სახლის განცხადებით, 7 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ტვირთი გადაიტანა ჩრდილოეთ კორეის საბრძოლო მასალის საწყობიდან რუსეთის პორტში, რის შემდეგაც ტვირთი რუსეთის სამხედრო საწყობში გადაიტანეს.

როგორც BBC-ი წერს, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ვიზუალური მასალები, რომლებიც, აშშ-ს თქმით, ეს ინფორმაცია დასტურდება.

 

კომენტარები