გერმანია

გერმანიაში 22 წლის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ნაცისტური სიმბოლიკის შენახვის გამო დააკავეს

გერმანიაში 22 წლის პოლიტიკოსი, დანიელ ჰალემბა ნაცისტური სიმბოლიკის შენახვის გამო დააკავეს. ინფორმაციას გერმანიის პროკურატურა ავრცელებს.

დანიელ ჰალემბა, რომელიც ულტრამემარჯვენე პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) წევრია, რამდენიმე კვირის წინ ბავარიის ადგილობრივი პარლამენტის წევრად აირჩიეს.

ახალგაზრდა კანონმდებელზე დაკავების ორდერი ბავარიის ქალაქ ვიურცბურგის პროკურატურამ პარასკევს გასცა, მისი დაკავება კი ორშაბათს დილის 8 საათზე, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში, ქალაქ შტუგარტში მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ ორშაბათს ბავარიის პარლამენტის ახალი მოწვევა უნდა ჩატარებულიყო, რაც ჰალემბას საპარლამენტო იმუნიტეტს მისცემდა, თუმცა, პოლიციამ მისი დაკავება, სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შეძლო.

დანიელ ჰალემბა სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში სტუდენტური გაერთიანება პრაღის ტევტონიის წევრობის გამო მოექცა. სექტემბერში გაერთიანებას ქალაქ ვიურცბურგის მოქალაქეებმა უჩივლეს, რადგან სტუდენტების შეხვედრებიდან მათ ნაცისტური მისალმება Sieg Heil ესმოდათ. Sieg Heil გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაცისტურ სლოგანად ითვლება და მისი გამოყენება კანონით აკრძალულია.

დანიელ ჰალემბას კი გაერთიანების კიდევ 4 წევრთან ერთად, ნაცისტური სიმბოლიკის შენახვა ედებოდა ბრალად, რაც გერმანიაში ასევე აკრძალულია.

ულტრამემარჯვენე პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის შეფასებით, დანიელ ჰალემბას დაკავება "პოლიტიკურად მოტივირებულია".

კომენტარები