რუსთავის მერია

რუსთავის მერიამ ადგილობრივ საკრებულოს სასამართლოში უჩივლა

რუსთვის მერიამ ადგილობრივ საკრებულოს საქალაქო სასამართლოში უჩივლა. რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ საჯარო მიმართვების და მოთხოვნების მიუხედავად, საკრებულო, სადაც ოპოზიციური უმრავლესობაა, მერიის ინიციატივებს არ განიხილავს. 

"რუსთავის მერიის არაერთი მცდელობა, საჯარო მიმართვა, წერილობითი მოთხოვნა ამაო აღმოჩნდა პოლიტიკური დაჯგუფებების მიმართ და რუსთავის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობა" და "საქართველოსთვის" კოალიცია საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევით აფერხებს, თვეობით აჩერებს, კომისიიდან საკრებულოს სხდომაზე არ გადააქვს, არ იხილავს და დაუსაბუთებლად უკან აბრუნებს ქალაქისთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებს, როგორიც არის ახალი ინვესტიციების შემოსვლა". -  თქვა ლაცაბიძემ 30 ოქტომბერს ბრიფინგზე გამოსვლისას.

გარდა ამისა, მანვე აღნიშნა, რომ რუსთავში რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ხელოვნურად ფერხდება.

"როდესაც რუსთაველების ინტერესები ილახება და ქალაქის განვითარებას გამიზნულად ეშლება ხელი, ჩვენ ვალდებულები ვართ, გამოვიყენოთ ყველა ის კანონიერი ბერკეტი და ავამოქმედოთ ყველა ის კანონიერი შესაძლებლობა, რომელიც კანონის ფარგლებში მოიყვანს და დააბრუნებს რუსთავის საკრებულოში მყოფ ორ პარტიას, რომლებსაც აქვთ მჭიდრო დაჯგუფება შექმნილი და ქალაქის წინააღმდეგ ქმნიან ხელოვნურ ბარიერებს". - თქვა ლაცაბიძემ.

ამასთან, როგორც ბრიფინგზე საუბრისას რუსთავის მერმა აღნიშნა, საქალაქო სასამართლოში სარჩელი 27 ოქტომბერს შეიტანეს.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ბერიძე ლაცაბიძის საპასუხოდ, მერიას თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს და საუბრობს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პროექტზე, რომელიც, მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესში ჩამოინგრა. 

"ამ ბრიფინგის შინაარსი არის გადაფარვა იმის, თუ რა ხდება რეალურად. ჩვენ, ინტერპელაციის წესით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან დაკავშირებით, სადაც მილიონი არის გაფლანგული, იქ დავიბარეთ მერი და ზუსტად ამის გადასაფარად იყო ეს. მაგრამ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენთვის". - თქვა ალექსანდრე ბერიძემ.

როგორც ბერიძემ აღნიშნა, საკრებულო მერიიდან შემოსულ ყველა პროექტს განიხილავს და მათი შერჩევა პოლიტიკური ნიშნით არ ხდება.

"როდესაც მერმა განაცხადა, რომ 60 მილიონის პროექტები უნდა განხორციელებულიყო ქალაქში, ერთ-ერთი პროექტი იყო მისი ოჯახის წევრის და ჩვენ ამით არ დაგვიბრკოლებია. ჩვენ პოლიტიკური ნიშნით არ ვაკეთებთ. თუ კანონმდებლობის ფარგლებში ექცევა, ჩვენ არ ვკითხულობთ ვისია ეს პროექტები. ერთ-ერთი პროექტი იყო მისი ოჯახის წევრის. აიღო მან ეს ნებართვა, კანონის ფარგლებში, ჩვეულებრივად მივეცით, მაშინ, როცა ბრიფინგებს ატარებდა, რომ ჩვენ რაღაცას ვაჩერებდით. უნდა განხორციელებულიყო ეს ინვესტირება და რა მოხდა? გადააფორმა ჯერ ნათესავზე და შემდეგ გაყიდა, დღესაც არ ხორციელდება ეს პროექტი". - აღნიშნა ბერიძემ.

კომენტარები