ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

მილერი: აშშ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მხარს არ უჭერს, რადგან ჰამასი ტერაქტებს გააგრძელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, ვაშინგტონი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას მხარს არ უჭერს, რადგან ეს ჰამასს გაძლიერების საშუალებას მისცემს და გააგრძელებს ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ. ამის შესახებ მილერი BBC-ს ესაუბრა.

როგორც მილერმა აღნიშნა, 7 ოქტომბრის თავდასხმის გარდა, ჰამასი ისრაელის მიმართულებით ყოველდღიურად უშვებს რაკეტებს, რომლის სამიზნეც მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

"ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი სახის ცეცხლის შეწყვეტის, რომელიც მათ [ჰამასს] საშუალებას მისცემს, გააგრძელონ ეს ოპერაციები. ამავროულად, აშშ მხარს უჭერს და ფიქრობს, რომ მხარეებმა უნდა განიხილონ ჰუმანიტარული პაუზები, რაც დახმარების შეტანის შესაძლებლობას გააჩენს. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ღაზის სამხრეთ ნაწილში, რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გასახსნელად". - თქვა მილერმა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები