ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა 29 ივნისს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პეკინი მხარს უჭერს ბელარუსს მისი ეროვნული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მხრივ. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებით, სი ძინფინგმა თქვა, რომ ჩინეთმა და ბელარუსმა "უნდა შეინარჩუნონ სტრატეგიული კომუნიკაცია, ხელი შეუწყონ უმაღლეს დონეზე ორმხრივი ურთიერთობების უწყვეტ განვითარებას და ორივე ქვეყნის ხალხებისთვის უკეთეს სარგებელს."
სის თქმით, ჩინეთი მზადაა, ბელარუსის განვითარებისა და მშენებლობის ფარგლებში მინსკისთვის დახმარების მიწოდება განაგრძოს.
თავის მხრივ, ბელარუსის პრეზიდენტის ტელეგრამ-არხ Pul Pervogo-მ დაწერა, რომ ჩინეთ-ბელარუსის ურთიერთობები "ისტორიულ მწვერვალზეა".
"ადრე სწორედ ამაზე ვისაუბრეთ და შესაძლოა, გარკვეულწილად, ეს ისაა, რაზეც ვოცნებობდით ბელარუსსა და ჩინეთს შორის გლობალური თანამშრომლობის წინ." – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, ჩინეთში გამგზავრებამდე ლუკაშენკომ გასულ კვირას მოლაპარაკებები ვლადიმირ პუტინთან გამართა.
ჩინეთისა და ბელარუსის ლიდერების შეხვედრა უკრაინასა და მინსკს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე წარიმართა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში ლუკაშენკოსგან მეტი ჩართულობის მოპოვებას ცდილობს.
ზელენსკიმ 19 ივნისს განაცხადა, რომ მინსკისთვის 1 კვირა საკმარისი იქნება, რათა უკრაინის საზღვრის გასწვრივ განლაგებული რეტრანსლატორები გათიშონ, რომელთა მეშვეობითაც, ზელენსკის თქმით, რუსეთი უკრაინის მოსახლეობაზე ცეცხლის კორექტირებას ახდენს.
პარალელურად, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსიდან დევნილმა ოპოზიციამ ვოლოდიმირ ზელენსკის გამაფრთხილებელი ნიშნების სია გადასცა, რომლებიც მიუთითებენ, რომ მინსკი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩასართავად ემზადება.
23 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი მზადაა ბელარუსისა და სამოკავშირეო სახელმწიფოს დასაცავად სამოკავშირეო შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა მექანიზმი გამოიყენოს.
მოგვიანებით, 24 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ 22 ივნისიდან მუშაობა შეწყვიტა ბელარუსში არსებულმა სისტემებმა, რომლებიც უკრაინაზე რუსეთის მიერ შაჰედის ტიპის დრონებით იერიშების კორექტირებისთვის გამოიყენებოდა.




