არჩევნები 2024

გახარიას პარტია: ოცნებასთან ფარული თანამშრომლობის გამო 2 წევრი გავრიცხეთ

გიორგი გახარია

პარტია საქართველოსთვის განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საკუთარი რიგებიდან ორი წევრი გარიცხა. გიორგი გახარიას პარტია ირწმუნება, რომ ქართული ოცნება მოსყიდვით, დაშინებით და დაშანტაჟებით ცდილობს მათი გუნდის წევრების გადაბირებას. პარტია საქართველოსთვის აცხადებს, რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, ნატალია ძიძიგური და ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი შოთა გოგიტიძე სწორედ მმართველმა გუნდმა მოისყიდა. 

"ქართული ოცნება კვლავ განაგრძობს ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ ბინძური მეთოდებით მიზანმიმართულ ბრძოლას. პოლიტიკური ბრძოლის იარაღად
იყენებს მიტაცებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს,
ძალოვან სტრუქტურებს და სპეცსამსახურებს, პარტიის ცენტრალური თუ რაიონული
რგოლის წარმომადგენლებს, კრიმინალური სამყაროს წევრებს და მოსყიდვით,
დაშინებით თუ დაშანტაჟებით ცდილობს ჩვენი გუნდის წევრების გადაბირებას.

სამწუხაროდ, ამგვარ ცდუნებებს და ზეწოლას გარკვეული პირები ვერ უძლებენ და
ლახავენ ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ღირსეული  ადამიანების რეპუტაციას.
ასეთების ადგილი ჩვენს გუნდში არ არის.

სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული ოცნების მიერ მოსყიდული და გადაბირებული ჩვენი წევრები - ნატალია ძიძიგური და შოთა გოგიტიძე გავრიცხოთ პარტიის რიგებიდან. ძიძიგური და გოგიტიძე არაერთხელ იქნენ შემჩნეულნი არაგუნდურ მოქმედებებში, გუნდის საზიანოდ გადადგმულ ნაბიჯებში და ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში.

ჩვენი გადაწყვეტილება ყველა მსგავს შემთხვევაში, ძალიან მკაცრი იქნება. სამწუხაროა, რომ ოცნებამ კომფორტულად მოირგო მმართველობის და პოლიტიკური ბრძოლის ის მახინჯი ფორმები, რომლებიც მემკვიდრეობით მიიღო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისგან.

პოლიტიკური ბრძოლის ასეთი ფორმები ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ,
კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქართულ ოცნებას პარტია საქართველოსთვის
მიაჩნია ყველაზე რეალურ ძალად, ვინც შეძლებს ქართველ ხალხთან ერთად 2024
წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი ხელისუფლებიდან მშვიდობით გაცილებას და
ნაციონალურ მოძრაობასთან მათი შეხმატკბილებული   პოლიტიკური თანაცხოვრების
დასრულებას" - აცხადებს გიორგი გახარიას პარტია.

კომენტარები