ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

WSJ – ჰამასის მებრძოლებმა, ისრაელზე თავდასხმის განხორციელებამდე, წვრთნები ირანში გაიარეს

ჰამასის წევრები ღაზის სექტორში, 2023 წლის 7 ოქტომბერს.
AFP

ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული სამხედრო ჯგუფების წევრებმა ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმამდე, სპეციალური სამხედრო წვრთნები ირანში გაიარეს - წერს The Wall Street Journal საკუთარ წყაროზე დაყრდნობით. წვრთნებს ესწრებოდნენ, როგორც პალესტინის ოფიციალური პირები, ისე - ირანული ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის გენერალი ისმაილ ქაანიც.

აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით, ირანი რეგულარულად წვრთნის სამხედროებს თუმცა, ისრაელზე თავდახმის წინ მათ არ ჰქონდათ საფუძველი ევარაუდათ, რომ აღნიშნული წვრთნები ჰამასის ისრაელზე თავდასხმისთვის მზადდებოდა. 

"ირანი ჰამასს როგორც ფინანსურად, ისე სამხედრო წვრთნებით, იარაღითა და ტექნოლოგიებით  ომამდეც ეხმარებოდა, ისინი ჯერ კიდევ ეხმარებიან მათ დაზვერვის ინფორმაციის მიწოდებით" - ამბობს ისრაელის კონტრადმირალი დანიელ ჰაგარი. 

ჰამასის თავდასხმას ისრაელმა საჰაერო იერიშით უპასუხა და მზადება სახმელეთო ოპერაციისთვის დაიწყო. ისრაელის განცხადებით, მათი მიზანი ჰამასის განადგურება და ღაზას სექტორზე მათი კონტროლის დასრულებაა. 

კონფლიქტის რეგიონალურ დაპირისპირებაში გადაზრდისა და მასში ანტი-ისრაელური კოალიციის ქვეყნების იემენის, ერაყის, სირიისა და ლიბანის ისლამისტი სამხედრო ჯგუფების ჩართვის რისკის გამო, აშშ-მ რეგიონში საზღვაო ფლოტის 2 გემი გააგზავნა

2 ოქტომბერს ბეირუთში ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერების შეხვედრის შემდგომ გაკეთებული განცხადებებით, ჰამასს თავდასხმის დაგეგმვაში ირანული ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სადაზვერვო ძალები ეხმარებოდა და მხარეები მზად არიან ეს დახმარება კიდევ უფრო გააძლიერონ.  

ამავდროულად, აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, ისინი სრულყოფილ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ირანი გაკვირვებული იყო ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმით. 

"ინფორმაცია რომელიც ჩვენ გვაქვს, არ მიუთითებს ირანის ჩართულობაზე 7 ოქტომბრის თავდასხმაში, ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ ახლო დაკვირვებას" - თქვა პენტაგონის პრესსპიკერმა, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა, პეტ რაიდერმა გასულ კვირას. 

"ჰეზბოლა და ირანი ჩვენ დაგვეხმარნენ იარაღით, გამოცდილების გაზიარებითა და ტექნოლოგიებით" - თქვა ჰამასის უფროსმა მეთაურმა ხალედ მეშაალმა გამოცემა Al Arabiya-სთან ინტერვიუში.

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი (IRGC) ირანის არჩეული მთავრობის გვერდის ავლით, პირდაპირ ექვემდებარება და პასუხისმგებელია აიათოლა ხომეინის წინაშე. 

"ირანი დიდი ხანია წვრთნის ახლო აღმოსავლეთში არსებულ ისეთ სამხედრო ჯგუფებს, როგორიცაა: ჰამასი, ჰეზბოლა, სირიაში მებრძოლი ავღანელი დაქირავებული მებრძოლები, ერაყის შიიტური ძალების მებრძოლები და იემენში არსებული ჰუსიტები. მსგავსი ოპერაციების  [ჰამასის თავდასხმა ისრაელზე] დაგეგმვის შესაძლებლობა ჰამასს ჰეზბოლასა და IRGC-ს დახმარების გარეშე, ძალიან გაუჭირდებოდა." - ამბობს ტენესის უნივერსიტეტის IRGC-ის მკვლევარი და ექსპერტი, საედ გოლკარი. 


ისრაელზე ჰამასის თავდასხმას 1 400-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთა შორის,უმრავლესობა სამოქალაქო პირია. ასევე, ჰამასის ტყვეობაში დღემდე იმყოფება დაახლოებით 200-მდე ადამიანი.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები