თავისუფლების ინსტიტუტი

თსსუ: Liberty Institute-ის ინფორმაცია საზოგადოების თვალში ჩვენზე არასწორ წარმოდგენას ქმნის

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ) რუსულ კომპანიასთან გაფორმებული ტენდერის შესახებ თავისუფლების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს "საზოგადოების თვალში უნივერსიტეტზე არასწორ წარმოდგენას ქმნის".

თსსუ-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ უნივერსიტეტმა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულებები გააფორმა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანია შპს ელვასთან. უნივერსიტეტი აღნიშნავს, რომ ორი კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები კომპანიამ სრულად შეასრულა, თუმცა, ვადების დარღვევით, რის გამოც პირგასამტეხლო დაეკისრა. უნივერსიტეტის განცხადებითვე, მესამე ხელშეკრულება სამუშაოთა შეუსრულებლობის გამო შეწყვიტეს, რის გამოც კომპანიას თსსუს-სთვის 58 580 ლარის გადახდა მოუწია.

განცხადება სრულად:

"თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ეხმიანება თავისუფლების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, 2022 წელს თსსუ - ის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოების თვალში უნივერსიტეტზე არასწორ წარმოდგენას ქმნის. საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით, ვაცხადებთ შემდეგს:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, თსსუ - ის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, 2022 წელს გამოცხადებული ტენდერების საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულებები საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიასთან (შპს „ელვა“-ს ფილიალი ქ. თბილისში, საქართველო). ორი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები კომპანიამ შეასრულა სრულად, თუმცა კონტრაქტით გათვალისწინებული მიწოდების ვადების დარღვევით, რის გამოც კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო, მესამე ხელშეკრულება კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა შეწყვიტა სამუშაოთა შეუსრულებლობის გამო, რის შედეგადაც კომპანია კიდევ ერთხელ დაჯარიმდა და თსსუ - ის ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამში მოუწია 58 580 ლარის გადახდა (რაც შპს "ელვა"-სთან გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტს შეადგენს).

თავისუფლების ინსტიტუტის მიერ მითითებული პოზიციის გათვალისწინებით კომპანიის შერჩევა-შეფასება გამოიწვევდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის" დარღვევას.

ბოლოს, გვინდა განვაცხადოთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, შესყიდვებს ახორციელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის“ სრული და განუხრელი დაცვით". - ნათქვამია თსსუ-ს გავრცელებულ განცხადებაში. 

თავისუფლების ინსტიტუტის ინფორმაციით, 2022 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა რუსულ კომპანიას 587 054 ლარის ღირებულების ორი ტენდერი გაუფორმა.

ორგანიზაციის ცნობით, თსსუ-მ 2022 წლის 28 ივლისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი გადახურვისა და სხვა სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად. მასში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ - შპს ელვა-ს ფილიალი თბილისში. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, თსსუ-ს მეორე და მესამე სასწავლო კორპუსებში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 410 722 ლარი. სამ დღეში თსსუ-მ კიდევ ერთი, 176 332-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა - შენობის მშენებლობისა და საკანალიზაციო სამუშაოებისთვის, რომელშიც იგივე კომპანიამ გაიმარჯვა. 

თავისუფლების ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ შპს ელვას ფილიალი თბილისში რუსული კომპანიის ფილიალია. კომპანიას გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტებშიც აქვს მითითებული ოკუპანტ სახელმწიფოში ჩატარებული სამუშაოები.

"ერთი გამარტივებული შესყიდვაა, ხუთ ტენდერში კი კონკურენტი არ ჰყოლია. მოგებული ტენდერების ჯამური ღირებულება 1 742 671 ლარს შეადგენს. კომპანია 2019 წელს დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად, ოთხი დირექტორი გამოიცვალა და ერთ-ერთი თენგიზ მაჭავარიანია, რომელიც ორმაგი (საქართველოს და რუსეთის) მოქალაქეობით სარგებლობს. ამავე პირზეა გაფორმებული რუსეთში რეგისტრირებული შპს ელვა". - აღნიშნავს თავისუფლების ინსტიტუტი. 

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შპს ელვა შავ სიაში ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო 2022 წლის 15 ნოემბერს შეიყვანა.

კომენტარები