სომხეთი-აზერბაიჯანი

ალიევსა და ფაშინიანს შორის ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილხამ ალიევსა და სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის ოქტომბრის ბოლოს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი ავრცელებს. 

ევროკავშირის წარმომადგენელი შეხვედრის გაუქმების მიზეზად დროის უკმარისობას ასახელებს და ამბობს, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, სხვა დროს დაინიშნება. 

"ჩვენი მიზანია, ყარაბაღში მცხოვრები სომხები დაბრუნდნენ სახლებში. გრანადაში გამართული შეხვედრის გათვალისწინებით, რომელსაც ალიევი არ დაესწრო, ახლა ვცდილობთ, ფაშინიანსა და ალიევს შორის შეხვედრა ბრიუსელში გავმართოთ. ნელი პროცესის მიუხედავად, გვჯერა, რომ შედეგი დოკუმენტზე ხელის მოწერა იქნება". – ამბობს ტოივო კლაარი.

თეირანში გამართულ 3+3 ფორმატტთან დაკავშირებულ კითხვაზე ევროკავშირის წარმომადგენელი პასუხობს, რომ ამით პრობლემა ვერ მოგვარდება, თუმცა, სამშვიდობო პროცესს ხელს არ უშლის და მეტიც, შესაძლოა მას ხელიც შეუწყოს.

17 ოქტომბერს, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი მზად არის, წლის ბოლომდე ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას და მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობები დაარეგულიროს.

 

კომენტარები