სომხეთი-აზერბაიჯანი

ფაშინიანი: სომხეთი მზადაა, წლის ბოლომდე ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზად არის, წლის ბოლომდე ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას და მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობები დაარეგულიროს. ამის შესახებ ფაშინიანმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

ფაშინიანის თქმით, ერევანი მზად არის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისთვის, რომელიც მხარეების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარების პრინციპებზე იქნება დაფუძნებული და ასევე იგულისხმებს სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას ამ ქვეყნების სუვერენიტეტის პრინციპებზე დაყრდნობით.

გარდა ამისა, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთისა და მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხების უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში ქვეყნები, რომლებსაც სომხეთის მიმართ უსაფრთხოების ვალდებულებები აქვთ არ დაეხმარნენ და სომხეთი მარტო დატოვეს.

"ამ სიტუაციაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომელიც სომხეთის უსაფრთხოების სისტემად ითვლება და ქვეყნები, რომლებსაც სომხეთის მიმართ უსაფრთხოების ვალდებულებები აქვთ, საერთოდ არ დაგვეხმარნენ, მარტო დაგვტოვეს. ამ პროვოკაციის მიზანი იყო დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩაგდება და სომხეთის სახელმწიფოებრიობის პარალიზება ან გარე ძალებზე დამოკიდებული მთავრობის ჩამოყალიბება, თუმცა, ასეთ გარემოებებში სომეხმა ხალხმა შეძლო, მყარად დამდგარიყო სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატის დაცვის პოზიციაზე". - თქვა ფაშინიანმა.

კომენტარები