შეიხ მანსურის ბატალიონი

კადიროვის თქმით, ე.წ. შეიხ მანსურის ბატალიონის ფორმირების პროცესი დასკვნით ეტაპზეა

რამზან კადიროვი და რუსლან გერემეევი
grozny-inform.ru / Эхо Кавказа

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფის, ე.წ. შეიხ მანსურის ბატალიონის ფორმირების პროცესი დასკვნით ეტაპზეა

კადიროვი ტელეგრამ-არხზე წერს, რომ გუდერმესში დანაყოფის მეთაურთან რუსლან გერემეევთან ერთად მოინახულა ადგილი, სადაც სამხედროების განსათავსებლად ინფრასტრუქტურა შენდება. 

კადიროვის თქმით, ორი ახალი ბარაკი ააშენეს, ხოლო დამატებით ოთხი აღადგინეს.

"მოწყობილია საბურღი, დაემატა 100-ადგილიანი სასადილო, ავტოსადგომი, სალოცავი ოთახი და მრავალი სხვა. ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ სამხედრო პერსონალისთვის შესანიშნავი პირობები იქნება. სწორედ ეს ამოცანა ხდება მთავარი საბრძოლო ნაწილების ფორმირებისას. ჩვენ გვაქვს მსგავს საკითხებში შესანიშნავი გამოცდილება, რასაც წარმატებით ვიყენებთ ობიექტების მშენებლობაში". - წერს ჩეჩნეთის ლიდერი.

ტელეგრამ-არხზე კადიროვი ასევე წერს, რომ შეიხ მანსური ჩეჩენი ხალხის გამოჩენილი წარმომადგენელი და კავკასიის პირველი იმამია.

ამავე სახელწოდების ბატალიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. დანაყოფი 2014 წელს დანიაში შეიქმნა და სამხედრო პერსონალსაც აერთიანებს, რომელმაც მეორე ჩეჩნეთის ომის დროს 2000-იანი წლების დასაწყისში ქვეყანა დატოვა.

უკრაინული ბატალიონი დნეპროპეტროვსკის ოლქშია განთავსებული. მისმა სამხედროებმა მონაწილეობა მიიღეს დონბასში 2014–2015 წლების ბრძოლაში და ასევე 2022 წლის დასაწყისში კიევში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.  

შეიხ მანსური არის ჩეჩენი მთიელების რელიგიური და სამხედრო-პოლიტიკური ლიდერი. იგი მხარს უჭერდა მათ დამოუკიდებლობას და შარიათის კანონების გავრცელებას ჩრდილოეთ კავკასიაში, ხოლო პარალელურად ებრძოდა რუსეთის იმპერიას.

1791 წლის ზაფხულში შეიხ მანსური რუსულმა ჯარებმა შეიპყრეს რუსეთ-თურქეთის ომის დროს ანაპაზე თავდასხმის დროს. რუსეთში შეიხ მანსურს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა შლისელბურგის ციხესიმაგრეში "მთიელი ხალხის რუსეთის წინააღმდეგ წაქეზებისა და იმპერიისთვის დიდი ზიანის მიყენებისთვის".

შეიხ მანსური 1974 წლის აპრილში 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

კომენტარები