ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: ღამით ღაზის სექტორში 320 სამიზნესა და ლიბანში ჰეზბოლას პუნქტებზე იერიში მივიტანეთ

მაკდონელ დუგლასი F-15I ღაზის სექტორში იერიშების მისატანად ფრინდება, 11 ოქტომბერი, 2023
IAF

ისრაელის თავდაცვის ძალები X-ზე, ყოფილ Twitter-ზე, ღამის განმავლობაში განხორციელებული სამხედრო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი თქმით, ისრაელის არმია განაგრძობს ტერორისტების ინფრასტრუქტურის განადგურებას, რისთვისაც ღაზის სექტორში მდებარე 320 სამიზნეზე მიიტანეს იერიში. მათ შორისაა ჰამასის გვირაბების ქსელი, რამდენიმე სამმართველო ორგანო და სადაზვერვო პუნქტები.

პარალელურად ისრაელის თავდაცვის ძალებმა ისრაელის ჩრდილოეთით, ლიბანის ტერიტორიაზე მდებარე ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა გაანადგურეს. ასევე დარტყმები მიიტანეს ოთხ ტერორისტულ უჯრედზე, რომლებიც ისრაელ-ლიბანის საზღვარზე მოქმედებდნენ.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანთის თქმით, ისრაელის სახმელეთო ოპერაცია, რომელსაც გეგმავენ, შესაძლოა სამი თვე გაგრძელდეს, თუმცა, წარმატების შემთხვევაში, ეს ჰამასის განადგურებისთვის წამოწყებული უკანასკნელი მოქმედება იქნება.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე საჰაერო იერიშები გაგრძელდება.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები