Reuters-ი მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს არმიამ ჩრდილოეთ კორეაში გაქცეულ, მოგვიანებით კი შეერთებული შტატებისთვის გადაცემულ ამერიკელ სამხედროს, ტრევის სკოტს სხვადასხვა საქმეზე ბრალი წარუდგინა.
როგორც სააგენტო წერს, კინგს წარდგენილი აქვს 8 ბრალდება, რომელთა შორისაა დეზერტირობა, ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმა და ბავშვთა პორნოგრაფიის წაქეზება.
აშშ-ს არმიას Reuters-ისთვის საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ-ჯერობით არ მიუცია, თუმცა სააგენტოს წერილობით უპასუხა კინგის დედამ. მან თავისი შვილის უპირობო სიყვარული გამოხატა და ითხოვა, რომ მის საქმეში უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დაირღვეს.
"დედა იცნობს თავის ვაჟს და მჯერა, რომ ჩემსას რაღაც დაემართა, როცა გაანაწილეს. არმია დაგვპირდა, რომ გამოიძიებს რა მოხდა ქემფ ჰამფრისში და ველოდები შედეგებს". - თქვა გეითსმა.
კინგი 2021 წლიდან აშშ-ს არმიაში დაზვერვის სპეციალისტად მსახურობდა და როტაციის ფარგლებში სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა. 23 წლის ჯარისკაცი 18 ივლისს სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე გადავიდა. ის ბოლოს გამყოფ დემილიტარიზებულ ზონაში იმყოფებოდა, შემდეგ კი მისი ადგილმდებარეობის შესახებ აშშ-ს ინფორმაცია არ ჰქონია.
CBS News-ის ინფორმაციით, სამხედროს აშშ-ში აბრუნებდნენ დისციპლინური მიზეზებით, თუმცა მან, აეროპორტში უსაფრთხოების შემოწმების გავლის შემდეგ, მოახერხა გაპარვა და სასაზღვრო ტურში ჩართვა.
კინგის პატიმრობის პერიოდში ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებდა, რომ ამერიკელი სამხედრო, რომელმაც საზღვარი გადაკვეთა და ჩრდილოეთ კორეაში გადავიდა, ამერიკულ ჯარში რასობრივ დისკრიმინაციას გაურბოდა.
23 წლის ტრევის კინგი აშშ-ში 28 სექტემბერს დააბრუნეს





