ტრევის კინგი

ჩრდილოეთ კორეაში გაქცეული ამერიკელი სამხედრო აშშ-ში დააბრუნეს

ჩრდილოეთ კორეაში 70 დღეზე ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ, ამერიკელი სამხედრო, ტრევის კინგი აშშ-ში დაბრუნდა
REUTERS

სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეაში გაქცეული ამერიკელი ჯარისკაცი, 23 წლის ტრევის კინგი აშშ-ში დააბრუნეს.

ფხენიანმა კინგი 18 ივლისს დააკავა და ორ თვეზე მეტხანს გაგრძელებული პატიმრობის შემდეგ, 27 სექტემბერს ამერიკულ მხარეს ჩინეთის ტერიტორიაზე გადასცა.

საბოლოოდ სამხედრო აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში გადააფრინეს, სადაც, სავარაუდოდ, არმიის სამედიცინო ცენტრში მოათავსებენ.

ოფიციალური პირების თქმით, კინგს თავდაპირველად სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებენ მისთვის დისციპლინური სასჯელის დაკისრებაზე.

კინგი 2021 წლიდან აშშ-ს არმიაში დაზვერვის სპეციალისტად მსახურობდა და როტაციის ფარგლებში სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა. 23 წლის ჯარისკაცი 18 ივლისს სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე გადავიდა. ის ბოლოს გამყოფ დემილიტარიზებულ ზონაში იმყოფებოდა, შემდეგ კი მისი ადგილმდებარეობის შესახებ აშშ-ს ინფორმაცია არ ჰქონია. 

CBS News-ის ინფორმაციით, სამხედროს აშშ-ში აბრუნებდნენ დისციპლინური მიზეზებით, თუმცა მან, აეროპორტში უსაფრთხოების შემოწმების გავლის შემდეგ, მოახერხა გაპარვა და სასაზღვრო ტურში ჩართვა.

კინგის პატიმრობის პერიოდში ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებდა, რომ ამერიკელი სამხედრო, რომელმაც საზღვარი გადაკვეთა და ჩრდილოეთ კორეაში გადავიდა, ამერიკულ ჯარში რასობრივ დისკრიმინაციას გაურბოდა.

კომენტარები