მასწავლებლის მკვლელობა საფრანგეთში

ლილუაშვილი: არასში მასწავლებელზე თავდამსხმელის მშობელი საქართველოში არ იმყოფება

გრიგოლ ლილუაშვილი
საქართველოს მთავრობა

18 ოქტომბერს ფრანგულმა გამოცემა Le Monde-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არასში მასწავლებელზე თავდამსხმელი ტერორისტის მამა საქართველოში ცხოვრობს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში ეს ინფორმაცია უარყო. 

"არ იმყოფება, ეს მცდარი ინფორმაციაა. ჩვენ ფრანგ კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. მათ შორის, ნებისმიერ ინფორმაციაზე, არა მხოლოდ დამნაშავის მშობლის, არამედ უმნიშვნელო ტენდენციებზე და ანალიტიკაზე გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთკავშირი. მათ ჩვენი სამსახურის მიმართ მადლიერების გრძნობის მეტი არაფერი გამოუხატავთ. თუკი, არსებული გამოძიების ფარგლებში ფრანგ კოლეგებს სჭირდებათ ჩვენი დახმარება, ამისთვის არსებობს სამართლებრივი დახმარების მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც გენერალურ პროკურატურაში იგზავნება სამართლებრივი დახმარების თხოვნა და ამის მიხედვით ვახორციელებთ უწყებები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს". – ამბობს ლილუაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყვნენ თუ არა ტერორისტის მშობლები საქართველოში შემოსული, ლილუაშვილმა ბუნდოვანი პასუხი გასცა და თქვა, რომ საქართველოში "რვა მილიონი ადამიანი შემოდის".

"იმყოფებოდა, გადიოდა თუ არ გადიოდა, რვა მილიონი ადამიანი შემოდის, თუმცა, ამ ადამიანებს, მათ შორის, ამ მკვლელის მშობლებს, საქართველოში კანონი არ დაურღვევიათ". – თქვა ლილუაშვილმა. 

Le Monde-ის მიერ 18 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის მოჰამედ მოგუჩკოვის ისლამისტურ იდეოლოგიაზე გავლენა მამამ მოახდინა, რომელიც 2018 წელს საფრანგეთმა გააძევა და ამჟამად საქართველოში ცხოვრობს. იქიდან გამომდინარე, რომ მამა ახლა საქართველოში იმყოფება, საფრანგეთის პოლიციას ჯერჯერობით ის არ დაუკითხავს. 

საფრანგეთის პროკურატურაზე დაყრდნობით, პოლიციამ მოჰამედ მოგუჩკოვი და მასთან დაკავშირებული კიდევ ორი პირი დააკავა - მოჰამედის 16 წლის ძმა მოვსარი და 15 წლის ბიძაშვილი, თავდასხმის ხელშეწყობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. მოვსარ მოგუჩკოვით საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტო (DGSI) ჯერ კიდევ 2023 წლის ივლისში დაინტერესდა, მაგრამ საფრანგეთის პროკურატურას სამართლებრივი დევნა არ დაუწყია.

თავად თავდამსხმელის, მოჰამედ მოგუჩკოვის წინააღმდეგ ასევე არსებობდა სამართლებრივი დავა საფრანგეთის პროკურატურაში, სადაც მას დედასა და დაზე ძალადობაში ედებოდა ბრალი, თუმცა საქმე დაიხურა, რადგან მოწმეებმა უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე. 

საფრანგეთის პროკურატურის ცნობით, მოჰამედ მოგუჩკოვი ინგუშეთიდანაა, თუმცა წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა და სწავლობდა. საფრანგეთის პოლიციამ დაადგინა მოგუჩკოვის კავშირები ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან. 

მოჰამედ მოგუჩკოვმა არასში თავდასხმამდე 30 წამით ადრე სოციალურ ქსელში გადაიღო ვიდეო, სადაც ის "ფრანგული ღირებულებებისადმი" სიძულვილს გამოხატავდა.

"ოჰ ფრანგები, მხდალებისა და ურწმუნოების ერი. მე ვიყავი თქვენს სკოლებში წლების მანძილზე, ვხოვრობდი თქვენს შორის უფასოდ,(...) თქვენ მე მასწავლეთ რა არის დემოკრატია და ადამიანის უფლებები და ამით თქვენ ჯოჯოხეთში ჩამაგდეთ" - ამბობს ტერორისტი თავის ვიდეოში. 

საფრანგეთის პროკურატურის ცნობით, ვიდეოში ტერორისტი ასევე ადასტურებდა თავის მხარდაჭერას ერაყში, აზიასა და პალესტინაში მცხოვრები მუსლიმების მიმართ, თუმცა არ უხსენებია მისი ქმედების კავშირი ისრაელში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან. 

კომენტარები