ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

პენტაგონი ადასტურებს, რომ აშშ-ს ხომალდმა იემენიდან გასროლილი რაკეტები უვნებელყო

პენტაგონის პრესსპიკერი, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალი პატ რაიდერი
defense.gov / Navy Petty Officer 2nd Class Alexander Kubitza

პენტაგონის სპიკერის, ბრიგადის გენერალ პატ რაიდერის თქმით, აშშ-ს საზღვაო ძალების გამანადგურებელმა წითელი ზღვის თავზე იემენიდან ჰუსიტი მეამბოხეების მიერ გაშვებული 3 ფრთოსანი რაკეტა და რამდენიმე დრონი უვნებელყო. მანამდე აღნიშნული ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

"დარწმუნებით ვერ ვიტყვით რა იყო რაკეტებისა და დრონების სამიზნე, მაგრამ ისინი იემენიდან გაუშვეს და ჩრდილოეთით, წითელი ზღვის გასწვრივ, სავარაუდოდ, ისრაელში მდებარე სამიზნეებისკენ მიემართებოდა". - თქვა რაიდერმა.

მანვე აღნიშნა, რომ რაკეტები ჩამოაგდეს, რადგან ისინი "პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდნენ" და დასძინა, რომ აშშ მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა "ჩვენი პარტნიორების და ჩვენი ინტერესების დასაცავად ამ მნიშვნელოვან რეგიონში".

აღსანიშნავია, რომ იემენში ოპერირებს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი მეამბოხეების დაჯგუფება, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ისრაელს ღიად დაემუქრა და ქალაქ სანაში მოაწყო დემონსტრაციებიც, სადაც იემენისა და პალესტინის დროშებით ხელში ანტიამერიკულ და ანტისემიტურ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

გასულ კვირას მეამბოხე ჯგუფის ლიდერმა, აბდულ-მალიქ ალ-ჰუსიმ აშშ-ს მიმართა და მოუწოდა, ისრაელი-ჰამასის ომში არ ჩაერთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დრონებითა და რაკეტებით თავდასხმებით დაემუქრა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები