ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აშშ-ს სამხედრო გემმა იემენიდან, სავარაუდოდ, ისრაელისკენ გასროლილი 3 რაკეტა ჩამოაგდო – AP

აშშ-ს საზღვაო ძალების გამანადგურებელი Carney
Business Wire/AP, FILE

Associated Press-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ 19 ოქტომბერს აშშ-ს საზღვაო ძალების გემმა იემენიდან ჩრდილოეთით გასროლილი რაკეტები უვნებელყო.

ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც AP-ის ანონიმურობის დაცვით ესაუბრნენ, თქვეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების კუთვნილი გამანადგურებელი Carney წითელ ზღვაში იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ისრაელისკენ გასროლილი 3 რაკეტა ჩამოაგდო. ოფიციალური პირები ვერ ადასტურებენ, რომ თავდასხმის სამიზნე მართლაც ისრაელი იყო. თუმცა, ერთ-ერთი მათგანის ცნობით, აშშ-ს სჯერა, რომ რაკეტები ამერიკული გემისკენ მიმართული არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ იემენში ოპერირებს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი მეამბოხეების დაჯგუფება, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ისრაელს ღიად დაემუქრა და ქალაქ სანაში მოაწყო დემონსტრაციებიც, სადაც იემენისა და პალესტინის დროშებით ხელში ანტიამერიკულ და ანტისემიტურ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

გასულ კვირას მეამბოხე ჯგუფის ლიდერმა, აბდულ-მალიქ ალ-ჰუსიმ აშშ-ს მიმართა და მოუწოდა, ისრაელი-ჰამასის ომში არ ჩაერთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დრონებითა და რაკეტებით თავდასხმებით დაემუქრა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები