ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აშშ ჰეზბოლას მოუწოდებს, რომ ლიბანიდან ისრაელზე თავდასხმები შეწყვიტონ

ლოიდ ოსტინი
Chad McNeeley/DOD

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას მოუწოდა, რომ ისრაელზე სამხრეთ ლიბანიდან თავდასხმები შეწყვიტონ. ინფორმაცია ნახსენებია ოსტინისა და მისი ებრაელი კოლეგის, იოავ გალანთის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით პენტაგონის მიერ გავრცელებულ ცნობაში

ბოლო დღეების განმავლობაში ლიბანის სამხრეთიდან, რომელსაც ჰეზბოლა აკონტროლებს, ისრაელზე თავდასხმები გრძელდება. 

სატელეფონო საუბარში ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ამას გარდა, მან გალანთს შეატყობინა ისრაელისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების დახმარების შესახებ და გაიმეორა, რომ ვაშინგტონი ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების მიზნის ერთგული რჩება.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თხოვნის ფონზე, ისრაელი ეგვიპტიდან ღაზაში შემავალ ჰუმანიტარულ დახმარებას დაუშვებს. ინფორმაციას ისრაელის პრემიერ მინისტრის კაბინეტი გაავრცელა. ჯო ბაიდენი ისრაელს 18 ოქტომბერს ეწვია.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები