ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი: ღაზაში ეგვიპტიდან შემავალ ჰუმანიტარულ დახმარებას დავუშვებთ 

ჯო ბაიდენისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა თელ-ავივში, 18 ოქტომბერი, 2023
AP/Evan Vucci

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თხოვნის ფონზე, ისრაელი ეგვიპტიდან ღაზაში შემავალ ჰუმანიტარულ დახმარებას დაუშვებს. ინფორმაციას ისრაელის პრემიერ მინისტრის კაბინეტი ავრცელებს.

განცხადებაში ხაზს უსვამენ, რომ დასაშვებია მხოლოდ სამხრეთ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საკვების,  წყლისა და მედიკამენტების მიწოდება. ასევე აღნიშნავენ, რომ გადატანილი მარაგები ჰამასის ხელში არავითარ შემთხვევაში უნდა აღმოჩნდეს.

ამასთან, ისრაელი არ დაუშვებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების საკუთარი ტერიტორიიდან შეტანას, სანამ ჰამასი მძევლებს არ დააბრუნებს. ისრაელი ასევე ითხოვს წითელი ჯვრის შეხვედრებს ისრაელელ მძევლებთან და ამ მოთხოვნისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებაზე მუშაობს. 

მანამდე, ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ ღაზასა და დასავლეთ სანაპიროს $100 მილიონის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევდა. მისივე თქმით, აშშ უზრუნველყოფს, რომ  ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ მისი ჰუმანიტარული დახმარება საკუთარი მიზნებისთვის ვერ გამოიყენოს.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები