ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბაიდენი: პენტაგონის ინფორმაციიდან დავასკვენი, რომ ისრაელს საავადმყოფოზე იერიში არ მიუტანია

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ქვეყნის საომარ კაბინეტთან გამართულ შეხვედრაზე, თელ-ავივი, ისრაელი, 2023 წლის 18 ოქტომბერი
Evelyn Hockstein/Reuters

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის დასკვნამდე, რომ ისრაელი ღაზის სექტორში მდებარე საავადმყოფოზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი არაა, პენტაგონის მიერ მიწოდებულმა მონაცემებმა მიიყვანა.

ჟურნალისტებმა ბაიდენს ჰკითხეს რაზე იყო დაფუძნებული მისი განცხადება, რომ საავადმყოფოზე იერიში "სხვა მხარემ" მიიტანა, მან უპასუხა რომ "მონაცემებზე, რაც მე მაჩვენა ჩემმა თავდაცვის დეპარტამენტმა".

დღეს, 18 ოქტომბერს ისრაელში მყოფმა ბაიდენმა თქვა, რომ ღაზის სექტორში მდებარე ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქება, როგორც ჩანს, ღაზის ტერორისტული დაჯგუფების მიერ არის გამოწვეული და არა ისრაელის.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ღაზის საავადმყოფოში აფეთქება, რომელსაც ჰამასის ცნობით, 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური ჯიჰადის მიერ გაშვებული გაუმართავი რაკეტის ჩამოვარდნას მოჰყვა.

ჰამასმა თავდაპირველად მომხდარში ბრალი ისრაელის თავდაცვის ძალებს დასდო, თუმცა IDF-ის გამოიძიების შედეგად ისრაელის მხარემ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჰამასს დააკისრა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები