ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მმართველი კომპანიის, ბლექ სი პეტროლიუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ვახტან ჩახნაშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტთან დაკავშირებით ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სანქციები არ არის, ის პრევენციული ღონისძიებაა.
"ჩვენ ამის შესახებ განცხადება გავაკეთეთ, ვაპირებთ ევროპის ბაზრებზე გასვლას და ისედაც ვაპირებდით... დაკონტარქტებული რაც არის, იმის იქეთ სექტემბრის დასაწყისიდან, აგვისტოს ბოლოდან. არ არსებობს, სანქცირებული ნავთობი რომ შემოგვეტანა, ჩვენ აუცილებლად დაგვასანქცირებდნენ. [...]
არა მარტო ჩვენი კომპანია, ევროკავშირი პრევენციულ ღონისძიებებს იღებს ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიმართ და ამით, ფაქტობრივად, ცდილობენ რუსული ნავთობის რეალიზაცია შეიზღუდოს.
რომ ჰქონოდათ მტკიცებულებები, აუცილებლად დაგვასანქცირებედნენ. ეს არ არის სანქციები, ეს არის პრევენციული ღონისძიება, რომ ქარხნებმა არ შეიძინონ რუსული ნავთობი. ეს არც გაფრთხილება არ არის, ეს არის პრევენციული ღონისძიება, რომელსაც მიმართა ევროკავშირმა". - თქვა ჩახნაშვილმა TV პირველთან.
ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში EU-მ ტრანზაქციები აუკრძალა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რაც ძალაში ექვს თვეში შევა იმ შემთხვევაში, თუ ბლექ სი პეტროლიუმი (BSP) ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს და რუსულ ნავთობს არარუსული წარმოშობის ნედლეულით არ ჩაანაცვლებს.
აღსანიშნავია, რომ ივლისის დასაწყისში კომპანია ბლექ სი პეტროლიუმმა (BSP) განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტო-სექტემბრიდან ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებაზე გადავა.
კომპანიის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას "მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუხსნის". BSP-ს სტრატეგიული გეგმის თანახმად, კომპანია 2027 წლის პირველ კვარტალში შიდა და საექსპორტო ბაზრებისთვის საგზაო ბიტუმის წარმოებას დაიწყებს, ხოლო მეორე კვარტალში საწარმოს საავიაციო საწვავის წარმოების შესაძლებლობა გაუჩნდება.
ცნობისთვის, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა SOCAR-ის მიერ მართულ ყულევის პორტთან მდებარეობს. მიმდინარე წლის თებერვალში გავრცელდა ცნობები, რომ არსებობდა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტში საქართველოს ყულევის პორტის მოხვედრის ალბათობაც.
მალევე მედიაში გავრცელებულ ცნობებს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პორტი სანქციების რეჟიმს არ არღვევს და დაამატა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირსაც მიაწოდეს.
ამ ფონზე გაერთიანებულმა სამეფომ 24 თებერვალს დაასანქცირა გემი, რომელმაც 2025 წლის 2 ოქტომბერს ყულევის პორტში რუსული ნავთობი შემოიტანა.
მოგვიანებით სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო'სალივანმა, მაკა ბოჭორიშვილისადმი მიწერილ წერილში განმარტა, რომ ყულევის პორტთან დაკავშირებით ქართული მხარისა და SOCAR-ის მიერ აღებული "პოზიტიური" ვალდებულებების შემდეგ, ევროკავშირმა პორტი სანქციების სიაში აღარ შეიყვანა.




