ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელშია

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს აეროპორტში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი ხვდება, 2023 წლის 17 ოქტომბერი
Shlomi Amsallem/Foreign Ministry

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკვე ისრაელშია. ის უცხო ქვეყნის პირველი უმაღლესი წარმომადგენელია, ვინც 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელში ჩავიდა. შოლცს აეროპორტში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი დახვდა.

"ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია დგას ისრაელის სახელმწიფოს გვერდით და მხარს უჭერს მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის ბრძოლას". - თქვა კოენმა.

ისრაელში ყოფნისას შოლცი ქვეყნის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

ვიზიტის დაწყებამდე გერმანიის კანცლერი ბერლინში შეხვდა იორდანიის მეფე აბდულას. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კანცლერმა ირანი და ჰეზბოლა გააფრთხილა, ისრაელი-ჰამასის ომში არ ჩაერთონ.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები