ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

IDF: შესაძლოა, ომის ახალი ეტაპი ღაზაში სახმელეთო ოპერაცია არ იყოს

ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკი სირიის საზღვრის მახლობლად, 2023 წლის 7 ოქტომბერი. 
Michael Giladi/Flash90

ისრაელის შეიარაღებული ძალების თქმით, მათ მიერ ღაზის სექტორზე ჰამასის თავდასხმის პასუხად წამოწყებული იერიში, შესაძლოა, სახმელეთო ოპერაცია არ იყოს.

"ჩვენ ვემზადებით ომის ახალი ეტაპებისათვის. არ გვითქვამს რა იქნება. ყველა სახმელეთო ოპერაციაზე საუბრობს. შესაძლოა რამე სხვა იყოს". - თქვა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, ვიცეპოლკოვნიკმა რიჩარდ ჰეხტმა.

ისრაელი მე-11 დღეა საჰაერო იერიშს ახორციელებს ჰამასის პოზიციებზე, რომელიც ისრაელის გადაწყვეტილების შემდეგ, ღაზის სექტორისთვის შეეწყვიტა  წყლის, საკვებისა და ელექტრო ენერგიის მიწოდება, ფაქტობრივად ალყაშია მოქცეული.

აღნიშნული გადაწყვეტილება პასუხი იყო ჰამასის მიერ ისრაელზე 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმაზე, რომელსაც ისრაელში 1 400 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები