ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

CNN: 113 კონგრესმენი ბაიდენს მოუწოდებს ჰამასის მხარდაჭერისთვის ირანი დაასანქციროს

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი
Drew Angerer/Getty Images

CNN-ის მიერ მოპოვებული წერილის თანახმად, 113 კონგრესმენისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფი ბაიდენს ჰამასის მხარდაჭერისთვის ირანის დასანქცირებისკენ მოუწოდებს.

წერილში 63 დემოკრატი და 50 რესპუბლიკელი კანონმდებელი მოითხოვს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა "ირანული დაფინანსების წყაროების შესაწყვეტად ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას".

"ეს მოიცავს აშშ-ს სანქციების მაქსიმალურ აღსრულებას და ყველა ნაბიჯის გადადგმას ჩინეთთან ირანის ნავთობით ვაჭრობის დასასრულებლად, რომელსაც ამჟამად დღეში $150 მილიონის შემოსავალი მოაქვს". - წერენ კონგრესმენები და აღნიშნავენ, რომ 18 ოქტომბერს ვადა ეწურება გაეროს ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის მიხედვით ირანზე დაწესებულ სანქციებს.

"ამის დაშვება შეუძლებელია. მოვუწოდებთ თქვენს ადმინისტრაციას ითანამშრომლოს ევროპელ მოკავშირეებთან, რათა გაეროს უშიშროების საბჭომ ირანზე სანქციები დაუყოვნებლივ შემოიღონ...

აშშ-მ ასევე უნდა მოახდინოს მნიშვნელოვანი ზეწოლა კატარსა და თურქეთზე, რათა შეწყვიტონ ჰამასის მხარდაჭერა და გააძევონ ჰამასის ხელმძღვანელობა, რომელსაც მასპინძლობენ". - ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

წერილში არ არის ნახსენები ირანთან პატიმრების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში კატარის ანგარიშებზე გადარიცხულ $6 მილიარდი.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია თეირანთან დიპლომატიური გზებით ცდილობს მკაფიო მესიჯის გაგზავნას, რომ ირანმა კონფლიქტის კიდევ უფრო გაღრმავებაში წვლილი არ უნდა შეიტანოს.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები