აშშ-ირანი

ბლინკენი: ირანი პატიმრების გაცვლის შეთანხმებით განსაზღვრულ 6 მლრდ დოლარს ჯერ ვერ მიიღებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 
Alex Brandon/AP

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თელ ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ჯერჯერობით ტყვეების გაცვლის შეთანხმებით გათვალისწინებულ 6 მილიარდ აშშ დოლარს ირანი ვერ მიიღებს. ირანული ფონდები კატარის ბანკშია განთავსებული და აშშ-ს გადაწყვეტილებით ირანის მხარეს ფულზე წვდომა ჯერჯერობით არ ექნება. 

ბლინკენმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ კატარში არსებული ირანული ანგარიშების გაყინვის უფლებას ინარჩუნებს. 

კითხვაზე, ირანისთვის 6 მილიარდ აშშ დოლარზე წვდომის შეჩერება დაკავშირებულია თუ არა ირანის მიერ დაფინანსებული ჰამასის ტერორისტულ თავდასხმებთან ისრაელში, აშშ-ს მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. 

გასულ თვეს აშშ-მ ირანიდან რამდენიმე პატიმარი დაიბრუნა, რის სანაცვლოდ გაყინული ანგარიშებიდან 6 მილიარდი აშშ დოლარის დაბრუნების პირობა დადო. თუმცა, შეთანხმების მიხედვით ირანულმა მხარემ აღნიშნული თანხა მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებისთვის უნდა გამოიყენოს. ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი აუცილებლად დააკვირდება 6 მილიარდი დოლარის განკარგვის პროცესს, რათა ამერიკული მხარე დარწმუნდეს, რომ ფული მართლაც ჰუმანიტარული მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

კომენტარები