დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

IDF: ტერორისტების მიერ აყვანილი 199 მძევალი ღაზის სექტორში იმყოფება

ტერორისტების მიერ აყვანილი მძევლებიდან 199 ღაზის სექტორში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი ადასტურებს.

 ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ რომ ოჯახებს უკვე შეატყობინეს, რომ მათი  ნათესავები ღაზის სექტორში იმყოფებიან.

ჰაგარმა განმარტა, რომ ისრაელი მაქსიმალურად ცდილობს, დაადგინოს მძევლების ზუსტი ადგილსამყოფელი და თავდაცვის ძალები სამხედრო ოპერაციებით არ შეუქმნიან საფრთხეს მათ სიცოცხლეს.

"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავიგოთ ღაზის სექტორში მძევლების ადგილსამყოფელი და ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია. [...] ჩვენ არ განვახორციელებთ ისეთ თავდასხმას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენ ხალხს". – ამბობს ჰაგარი.

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვერამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები