ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

საქართველოში ირანის საელჩო ჰამასის ტერორისტულ თავდასხმას "სრულიად ლეგიტიმურს" უწოდებს

ირანის ელჩი საქართველოში, მაჰმუდ ადიბი
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ირანის საელჩო საქართველოში ისრაელის ელჩის სიტყვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ირანის საელჩოს განცხადებაში ჰამასის ტერორისტული თავდასხმა გამოცხადებულია "სრულიად ლეგიტიმურ პასუხად" და შეიცავს მუქარას, რომ ისრაელთან კავშირი არცერთ ქვეყანასა და მთავრობას "უსაფრთხოებასა და სარგებელს არ მოუტანს". ამას გარდა, ირანის საელჩოში ელიან, რომ საქართველო, "რომელიც ყოველთვის გმობს ოკუპაციას", პალესტინელი ხალხის გვერდით დადგება.

ირანის საელჩოს განცხადებაში წერია:

"ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, უარყოფს და გმობს სიონისტური რეჟიმის ელჩის უსაფუძვლო და შეცდომაში შემყვან განცხადებას და მიაჩნია, რომ ირანის როლთან დაკავშირებული განცხადებები ემსახურება სხვადასხვა პოლიტიკურ მიზნებს, მათ შორის ამ რეჟიმის მძიმე მარცხისათვის გამართლების მოძებნას და მისი დაზიანებული იმიჯის აღდგენას.

თავდაცვის ლეგიტიმური უფლება არის თანდაყოლილი უფლება, რომელიც მკაფიოდ არის აღიარებული გაეროს ქარტიაში და საერთაშორისო სამართალში.
პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობის ბოლო გადაწყვეტილებები და ქმედებები ეფუძნება თვითგამორკვევის ძირითად პრინციპს და არის სრულიად ლეგიტიმური პასუხი, ისრაელის რეჟიმის სამოცდაათწლიან მჩაგვრელ ოკუპაციასა და უამრავ დანაშაულზე. ირანი სოლიდარობას უცხადებს პალესტინელებს, რომლებიც ესწრაფვიან საკუთარ უფლებათა აღდგენას, თუმცა, არ ერევა პალესტინელთა ქმედებებში. პალესტინელები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, როგორი პასუხი გასცენ ოკუპაციასა და სიონისტთა დანაშაულებს.

არის მოლოდინი, რომ საქართველო, რომელიც ყოველთვის გმობს ოკუპაციას, გვერდში დაუდგება პალესტინელ ხალხს და მის ძალისხმევას, დაასრულოს თავისი მიწის ოკუპაცია და მიაღწიოს თავისუფლებასა და სამართლიანობას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიონისტური რეჟიმის დასწრება ნებისმიერ ქვეყანასა და რეგიონში ვერ შექმნის იქ უსაფრთხოებას და სარგებელს არ მოუტანს ამ ქვეყნებისა და რეგიონების მთავრობებსა და ერებს".

აქამდე, 12 ოქტომბერს ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი სიტყვით გამოვიდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე და ისრაელში მიმდინარე მოვლენების აღწერასთან ერთად, ხაზი გაუსვა, რომ ჰამასის თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია.

ისრაელელი დიპლომატის სიტყვებს 13 ოქტომბერს გამოეხმაურა ირანის ელჩი საქართველოში, მაჰმუდ ადიბი. ადიბი, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორი ქვეყნის დიპლომატია, საქართველოს "ოკუპაციის ხანგრძლივ მოწინააღმდეგეს" უწოდებს და მოელის, რომ ქვეყანა პალესტინელების მხარს დაიჭერს, როგორც ეს ზემოხსენებულ განცხადებაშიც წერია. ამას გარდა მაჰმუდ ადიბმა დაწერა, რომ მან პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლა სთხოვა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები