ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ირანის ელჩი ისრაელის ელჩის საპასუხოდ საქართველოს პარლამენტში გამოსვლას ითხოვს

ჰადას მეიცადის გამოსვლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, 2023 წლის 12 ოქტომბერი.
საქართველოს პარლამენტი

ირანის ელჩი საქართველოში, მაჰმუდ ადიბი უკმაყოფილოა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისრაელის ელჩის, ჰადას მეიცადის გამოსვლით და საპასუხო სიტყვას ითხოვს.

12 ოქტომბერს ჰადას მეიცადი სიტყვით გამოვიდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე და ისრაელში მიმდინარე მოვლენების აღწერასთან ერთად, ხაზი გაუსვა, რომ ჰამასის თავდასხმაზე პასუხისმგებელია ირანი.

"არანაირი გამართლება არ აქვს ტერორიზმს... ჰამასი არის ტერორისტული ჯგუფი, თავისთავად, ისინი ვერ განახორციელებდნენ ამ თავდასხმას ირანისგან დაფინანსების, ლოგისტიკური მხარდაჭერის, თუ სხვა ხელშეწყობის გარეშე. ირანს პირდაპირი ვალდებულება აკისრია ჰამასის შესაძლებლობებზე. როგორ გამოიყენებს ჰამასი ამ შესაძლებლობებს, ესეც ირანის პასუხისმგებლობაა. ირანი ჰამასს აწვდიდა და აწვდის იარაღს, წვრთნიდა, რომ გაეძლიერებინათ მათი მკვლელობის უნარები. ისინი როგორც ღიად, ისე ფარულად აფინანსებდნენ მათ". – თქვა მეიცადმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. 

ისრაელელი დიპლომატის სიტყვებს 13 ოქტომბერს გამოეხმაურა ირანის ელჩი საქართველოში, მაჰმუდ ადიბი. ადიბი, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორი ქვეყნის დიპლომატია, საქართველოს "ოკუპაციის ხანგრძლივ მოწინააღმდეგეს" უწოდებს და მოელის, რომ ქვეყანა პალესტინელების მხარს დაიჭერს.

"კატეგორიულად ვგმობ სიონისტური რეჟიმის ელჩის მიერ საქართველოს პარლამენტში ნათქვამ უსაფუძვლო ბრალდებებს ირანის წინააღმდეგ. ირანი მხარს უჭერს პალესტინის უფლებებს მაგრამ არაა ჩართული მათ საპასუხო მოქმედებებსა და ეს ქმედებები სრულად გადაწყვეტილია თავად პალესტინელების მიერ. ასევე ველით, რომ საქართველო, ოკუპაციის ხანგრძლივი მოწინააღმდეგე, დადგება პალესტინელი ხალხის გვერდზე მათ მიერ თავისუფლების, სამართლიანობისა და მათი მიწის ოკუპაციის დასრულების მოთხოვნაში". – დაწერა მაჰმუდ ადიბმა საკუთარ X-ზე, ანუ ყოფილ Twitter-ზე.

ამას გარდა მაჰმუდ ადიბმა დაწერა, რომ მან პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლა სთხოვა.

"სამართლიანობისა და დიპლომატიური სულისკვეთებით, მე შალვა პაპუაშვილს ოფიციალურად ვთხოვე თანაბარი შესაძლებლობა, მივმართო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. აუცილებელია განვმარტოთ ჩვენი პოზიცია ისრაელის რეჟიმის ელჩის ცრუ ბრალდებების შემდეგ". – დაწერა ირანის ელჩმა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები