ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასთან კონტაქტს ვინარჩუნებთ, ღაზის ოკუპაციის წინააღმდეგი ვართ – რუსეთის საგარეო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ ბოგდანოვი
Egor Aleev/TASS

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 13 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვი ჰამასთან კონტაქტს ინარჩუნებს.

"ჩვენ ყველასთნ გვაქვს კონტაქტი. ჰამასის ხელმძღვანელობასთანაც გვაქვს წვდომა". - უთხრა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ ბოგდანოვმა.

რუსი მაღალჩინოსნის თქმითვე, ღაზის სექტორიდან მძევლების გათავისუფლების საკითხი "ძალიან ფრთხილად და გულმოდგინედ" უნდა გადაწყდეს. მანვე აღნიშნა, რომ კრიზისის მოგვარების მცდელობის ფარგლებში რუსეთის წარმომადგენლები ახლო აღმოსავლეთში ჩასვლას გეგმავენ.

ბოგდანოვი ჩრდილოეთ ღაზის ევაკუაციის შესახებ ისრაელის მოთხოვნასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს "ადამიანის უფლებების დარღვევაა" და დასძინა, რომ ისრაელის შესაძლო სახმელეთო შეტევის შემდეგ ღაზას შესაძლო "ოკუპაციის" წინააღმდეგია.

"ჩვენ ოკუპაციის წინააღმდეგი ვართ. არსებობს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, პრინციპში, მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძველია მიწა მშვიდობის სანაცვლოდ. ნორმალიზაცია ოკუპირებული არაბული ტერიტორიებიდან ისრაელის გასვლის სანაცვლოდ". - თქვა ბოგდანოვმა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ისრაელი, სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები