კულტურის სამინისტრი

სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოიგო

იმედი

საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა ნინო მაჭარაშვილმა სასამართლო დავა მოიგო. თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო მაჭარაშვილის გათავისუფლების ბრძანება და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს კომპენსაციისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის გადახდა დააკისრა. 

"საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ მესამე დავაც წარმატებულად დასრულდა ჯასთის ლიგ-ის მიერ. გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალბატონ ნინო მაჭარაშვილს სარჩელის დიდი ნაწილი დაკმაყოფილდა, გათავისუფლების ბრძანება ცნობილ იქნა უკანონოდ და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა როგორც კომპენსაციის, ასევე განაცდურის გადახდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის" – წერს დიტო ხვიჩია, კომპანიის მმართველი პარტნიორი Facebook–ის პირად გვერდზე.


კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დაკავებული პოზიციებიდან სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული არაერთი დაწესებულების ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ.

კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში პირველი დავა ეროვნული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა, დინარა ვაჩნაძემ მოიგო. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, გუგა გოგაძის სარჩელი. ორივე შემთხვევაში ბათილად იცნო გათავისუფლების ბრძანება და მოპასუხეებს დაეკისრათ განაცდურის ანაზღაურება და სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა. ამასთან, 9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ყოფილი თანამშრომლის, ირმა მანაგაძის გათავისუფლება თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო და კულტურის სამინისტროს მისთვის კომპენსაციისა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, სასამართლომ ეროვნული მუზეუმის კიდევ ერთი გათავისუფლებული თანამშრომლის, ლიკა მამაცაშვილის სარჩელიც დააკმაყოფილა. 

მიმდინარე წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის ჩამოქვეითება უკანონოდ ცნო.

კომენტარები