ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ისრაელში ჩავა

ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი პარასკევს, 13 ოქტომბერს ისრაელში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.  

მანამდე, 8 ოქტომბერს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ისრაელის პრემიერთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას ჰამასის ქმედებები დაგმო და თქვა, რომ ისრაელის უსაფრთხოება გერმანიის პოლიტიკის ქვაკუთხედია. 

დღეს, 12 ოქტომბერს ისრაელში სოლიდარობის ნიშნად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც ჩავიდა და პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

გერმანიასა და შეერთებულ შტატებში, ისევე, როგორც ისრაელში, ევროკავშირსა და მრავალ სხვა ქვეყანაში, ჰამასი ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული. 


ღაზას სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. 

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს. 

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები