ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმებს 1 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ 7 ოქტომბრიდან მოყოლებული დაშავდა 6 238 ადამიანი.
ასევე, გაეროს მონაცემებით, ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის დაძაბულობის დაწყებიდან დღემდე ღაზის სექტორში საკუთარი სახლი იძულებით უკვე 338 000 პირმა დატოვა.
ამავდროულად, 11 ოქტომბრის ინფორმაციით, ისრაელში ჰამასის ტერორისტულ თავდასხმებს 1 300-ზე მეტი ისრაელელი მშვიდობიანი მოქალქე ემსხვერპლა, მათ შორის, 222 სამხედრო.
ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ.
თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.
თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.
ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.
ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.
საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.





