ღამის შოუს ბენდი

GMC: 2020-2023 წლებში იმედის ღამის შოუს ბენდმა 344 000 ლარი ბიუჯეტიდან უტენდეროდ მიიღო

ტელეკომპანია იმედის ღამის შოუს ბენდმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისგან 2020-2023 წლებში 344 ათასი ლარი უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვების წესით მიიღო - ინფორმაციას ამის შესახებ ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ ბენდი იურიდიული ფორმით არ არსებობს, ამიტომ საჯარო უწყებები, ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობები, თანხას სხვადასხვა ფიზიკურ პირთან გიორგი გაბუნიასთან, ჯიმო აბესაძესთან, ბექა სულაძესა და გელა გნოლიძესთან პირდაპირი შესყიდვის წესით რიცხავენ. 

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, რამდენიმე შემთხვევაში, ბენდთან გაფორმებულ კონტრაქტებში სერვისის მიმწოდებელ მხარედ ფიგურირებს ზვიად ბლიაძე, რომელიც 2017-2022 წლებში ტელეკომპანია პოსტ ტვ-ის 16%-იან წილს ფლობდა, ხოლო ახლა ამ ტელეკომპანიის ეთერში სხვადასხვა ტიპის, ოპოზიციის მადისკრედიტირებელ ვიდეოებში მონაწილეობს.

არასამთავრობო ორგანიზაციას ასევე მოჰყავს კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შაბლონური ტექსტით დაასაბუთეს გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმება პროსახელისუფლებო მუსიკალური ჯგუფის წევრებთან.

"ქუთაისის მერიამ ღამის შოუს ბენდს 35,000 ლარი უტენდეროდ გადაუხადა 2020 წლის საახალწლო კონცერტისთვის, ხოლო დასაბუთებაში არ განუმარტავს, თუ რა იყო გამარტივებული შესყიდვის ჩატარების მიზეზი და რატომ არ შეიძლებოდა ამ შესყიდვისთვის ტენდერის გამოცხადება.

ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულება ღამის შოუს ბენდთან 2022 წელს ფოთის მერიამაც გააფორმა, ღირებულებით 32,300 ლარი.

ფოთის მერიას კონცერტის ჩატარება  24-25 ივლისს ჰქონდა დაგეგმილი. ექსკლუზიურად ღამის შოუს ბენდთან ხელშეკრულების გაფორმება მერიამ შემდეგი მოტივით დაასაბუთა  - “გიორგი გაბუნიას ღამის შოუ როგორც ახალგაზრდებში ასევე ფართო საზოგადოებაში სარგებლობს მაღალი სატელევიზიო რეიტინგით, დიდი სიყვარულითა და პოპულარობით”.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა 2022 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით, ახალგაზრდული ღონისძიებების ფარგლებში, ღამის შოუსთან ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა. ხელშეკრულების ღირებულებამ 22,000 ლარი შეადგინა. დასაბუთებაში აქაც მითითებულია: “გიორგი გაბუნიას ღამის შოუ ახალგაზრდებში სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობითა და მაღალი სატელევიზიო რეიტინგით. სწორედ ახალგაზრდების მოთხოვნის გათვალისწინებით მოხდა მასზე არჩევანის შეჩერება და მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით აღნიშნულ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს გიორგი გაბუნია და "ღამის შოუს ბენდი”.

ღამის შოუს ბენდთან ბოლო შესყიდვა ვანის მერიამ განახორციელა, რომელმაც 2023 წლის 19 სექტემებრს ი/მ ბექა სულაძესთან 26,000 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. ამ თანხის სანაცვლოდ ღამის შოუს ბენდმა ვანელობის დღესასწაულზე იმღერა. გამარტივებული შესყიდვის ჩატარების საფუძვლად ამ შემთხვევაშიც ექსკლუზიური უფლებამოსილება დასახელდა"- წერს ფლანგვის დეტექტორი

ღამის შოუს ბენდთან გაფორმებული პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები, ორგანიზაციის ხედვით, აჩენს ლოგიკურ ეჭვს, რომ ასიათასობით ლარის ღირებულების ხელშეკრულების უკან მათი ხელისუფლებისადმი ლოიალური დამოკიდებულება დგას, რაც, დადასტურების შემთხვევაში, კორუფციის მაღალ რისკებს შეიცავს.

კომენტარები