დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

პუტინი ისრაელზე: ეს არის ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითი

Mikhail Metzel/POOL/TASS

ვლადიმირ პუტინი ისრაელში მიმდინარე მოვლენებს პირველად გამოეხმაურა. რუსეთის პრეზიდენტმა კომენტარი ერაყის პრემიერმინისტრთან, მუჰამედ სუდანისთან შეხვედრისას გააკეთა.

"გრძელდება უკრაინული კრიზისი და სამწუხაროდ ვხედავ სიტუაციის მკვეთრ გამძაფრებას ახლო აღმოსავლეთშიც. ვფიქრობ ბევრი დამეთანხმება იმაში, რომ ეს არის ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითი. აშშ ცდილობდა რეგულირების მონოპოლიზებას, მაგრამ სამწუხაროდ, არ იყო დაინტერესებული ორივე მხარესთვის მისაღები კომპრომისის ძებნით. ვაშინგტონის ქმედებები არ ითვალისწინებდა პალესტინელი ხალხის ინტერესებს. პირველ რიგში პალესტინური სახელმწიფოს შექმნის შესახებ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ამოქმედებას ვგულისხმობ". – ამბობს პუტინი. 

9 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ისრაელში მშვიდობის დამყარების ყველაზე სანდო გზაა.

იმავე დღეს პალესტინას თავისი მხარდაჭერა გამოუცხადა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა.

10 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი რუსეთში ვიზიტს გეგმავს.

კომენტარები