დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

"ვერ დავუშვებთ, ბავშვებმა უყურონ" – ისრაელელებს სთხოვენ, შვილებს სოციალური ქსელები წაუშალონ

ისრაელის პოლიციას ღაზის სექტორიდან ნასროლი რაკეტის აფეთქების ადგილიდან ქალი და ბავშვი გაჰყავს, სამხრეთ ისრაელის ქალაქი აშკელონი, 2023 წლის 7 ოქტომბერი
Tsafrir Abayov/AP

ისრაელში მშობლებს ეუბნებიან, რომ შვილების მობილურებიდან სოციალური ქსელების აპლიკაციები წაშალონ, სანამ ჰამასის ტერორისტები 7-8 ოქტომბერს აყვანილი მძევლების ვიდეოების გავრცელებას დაიწყებენ.

თელ-ავივის სკოლის მშობელთა ასოციაციის თქმით, მიიღეს შეტყობინება, რომ უახლოეს მომავალში მძევლების ვიდეოების გავრცელებას ელოდებიან. კადრები, სავარაუდოდ, უმძიმესი სანახავი იქნება.

თავის მხრივ, ასოციაციამ შეტყობინება გაუგზავნა მშობლებს და სთხოვა, სოციალური ქსელების, განსაკუთრებით კი TikTok-ის აპლიკაციები შვილების ტელეფონებიდან წაშალონ.

"ჩვენ არ შეგვიძლია უფლება მივცეთ ჩვენს შვილებს, რომ ამას უყურონ. ამასთან რთულია, მეტიც - შეუძლებელია სოციალურ მედიაში ამ მასალის შეკავება". - წერს ასოციაცია.

ჰამასი ამბობს, რომ 100-ზე მეტი ისრაელელი მძევალი, მათ შორის, არმიის ოფიცრები ღაზაში გადაიყვანეს.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორის მოსაზღვრე ქალაქებზე კონტროლი აღადგინეს, თუმცა დასახლებებში, შესაძლოა, ტერორისტები რჩებოდნენ.

კომენტარები