დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ტრამპი: ისრაელზე ეს საშინელი თავდასხმა არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი

დონალდ ტრამპი 2022 წლის 15 ნოემბრის მიმართვის დროს
Alon Skuy/AFP via Getty Images

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმა მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში არასდროს მოხდებოდა. 

"ისრაელზე საშინელი თავდასხმა, ისევე, როგორც უკრაინაზე თავდასხმა, არასდროს მოხდებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი - ამის ნული შანსია". – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპი ასევე თავს დაესხა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ჰამასის მიერ მოწყობილი ტერაქტები მის ადმინისტრაციას დააბრალა.

"ჰამასის თავდასხმები სირცხვილია და ისრაელს აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი თავი მთელი ძალით. სამწუხაროდ, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების დოლარებმა ხელი შეუწყო ამ თავდასხმებს, რაც, ბევრი ანგარიშის მიხედვით, ბაიდენის ადმინისტრაციისგან მოდის. ჩვენ დავამყარეთ მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში აბრაამის შეთანხმებით, მხოლოდ იმისთვის, რომ ვნახოთ, როგორ ანიავებს მას ბაიდენი იმაზე ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ვინმე წარმოედგინა. ახლაც იგივეს ვხედავთ". – წერს ტრამპი.

ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

 

კომენტარები