დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

კადიროვს სურს, რომ მისი რაზმები ღაზაში "მშვიდობისმყოფელებად" გაგზავნონ

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მან პალესტინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და ღაზაში ჩეჩნური სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნის სურვილი გამოთქვა.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მუსლიმს, ყველა მოქალაქეს და ჩვენს მთავრობას, მხარი დაუჭირონ სიმართლეს და შეაჩერონ ეს ომი, ან ჩვენ იქ მშვიდობისმყოფელთა სახით გაგვგზავნონ. ჩვენ განვსაზღვრავთ ვინაა მართალი და ვინ არა და შევაჩერებთ მათ, ვინც ბრძოლას აგრძელებს". – თქვა კადიროვმა.

კადიროვმა მუსლიმურ ქვეყნებს კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათ უნდა მიმართონ დასავლელ მეგობრებს, რომ "არ დაბომბონ ქალაქები, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა".

"მათ იციან, რომ იქ "ბოევიკები" არ არიან. უბრალოდ იმისთვის, რომ დააშინონ, აფეთქებენ, ხოცავენ". – ამბობს ისრაელზე რამზან კადიროვი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე იერიშები რუსეთმა არაერთხელ მიიტანა გამართლებითა და მტკიცებით, რომ აქ სამხედროები იმყოფებოდნენ.

კადიროვი დასავლეთს პალესტინის განადგურების სურვილში სდებს ბრალს. მისივე თქმით, ისლამური სახელმწიფოებს, რომლებიც ადრე ერთად იბრძოდნენ, ახლა ეშინიათ, რომ "საკუთარი სათქმელი" თქვან. 

"ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პალესტინის ქმედებებს, რადგან მათი მიწები თავის დროზე ისრაელმა წაიღო და მათ იზოლაციაში ამყოფებენ, არ აქვთ სიტყვის თავისუფლება. დღეს ომის წინააღმდეგ ვარ და ყველას მოვუწოდებ, შეაჩერონ ეს ომი, რათა მთელ მსოფლიოს არ მოედოს. ეს ომი მხოლოდ ისრაელითა და პალესტინით არ დასრულდება". – თქვა კადიროვმა.

ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, როდესაც მისი დელეგაცია ისრაელში იმყოფებოდა, მათ პროვოკაციებს უწყობდნენ. 


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები