დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

IDF ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მცხოვრებლებს იერიშების შესახებ აფრთხილებს

9 ოქტომბერს, ერთი საათის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანი სპიკერის ავიხაი ადრაის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, იგი ღაზის ქალაქში მდებარე რიმალის სამეზობლოს მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს და ურჩევს ან თავშესაფრებში ჩავიდნენ, ან ღაზის ქალაქის სამხრეთ ნაწილში გადაინაცვლონ. 

პარალელურად, ისრაელის ენერგიის მინისტრის ისრაელ კაცის თქმით, ისრაელი, ელექტროენერგიის გარდა, ღაზის სექტორისთვის წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდებასაც წყვეტს.

რამდენიმე საათის წინ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) X-ის, ყოფილი Twitter-ის, გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში, ისრაელის ძალების სპიკერი ჯონათან კორნიკუსის თქმით ისრაელმა ქვეყნის სამხრეთით 100 000 რეზერვისტს მოუყარა თავი.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები