დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჰამასის მტკიცებით, ღაზის სექტორზე ისრაელის იერიშს 4 ისრაელელი მძევალი ემსხვერპლა 

ისრაელიდან ღაზის სექტორის დაბომბვა
Mohammed Saber/EPA-EFE

ჰამასის ალ-ყასამის ბრიგადის სპიკერმა, აბუ ობეიდას ფსევდონიმით ცნობილმა ტერორისტმა თქვა, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას ოთხი ისრაელელი მძევალი ემსხვერპლა.

"საოკუპაციო ძალების მხრიდან ამღამინდელ და დღევანდელ დაბომბვას ღაზის სექტორში მოჰყვა მტრის ოთხი მძევლის სიკვდილი და მათი გამტაცებლების, ყასამის მოჯაჰედების მოწამეობა". - წერს სპიკერი საკუთარ Telegram-არხზე.

9 ოქტომბრის უახლესი მონაცემებით, ჰამასის თავდასხმას ისრაელში, სულ მცირე, 700 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 2 500-ზე მეტი. ჰამასმა მძევლად აიყვანა და ღაზაში გადაიყვანა ათობით მძევალი. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები