დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ, აშშ–ს სამხედრო ხომალდები ისრაელისკენ მიემართებიან

USS Gerald R. Ford

დღეს, 9 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავიამზიდი, გემები და თვითმფრინავები ისრაელის მხარდასაჭერად და ჰამასისი თავდასხმების საპასუხოდ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთისკენ გააგზავნა. ამას გარდა, ვაშინგტონი ისრაელს საბრძოლო მასალებითა და აღჭურვილობითაც დაეხმარება.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ USS Gerald R. Ford-ის ავიამზიდი, სარაკეტო კრეისერი და ოთხი სარაკეტო გამანადგურებელი ისრაელის მიმართულებით მიდიან. გაგზავნილია ავიაგამანადგურებლებიც.

ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის თავდაცვის ძალებს დამატებით აღჭურვილობასა და რესურსებს, მათ შორის, საბრძოლო მასალას სწრაფად მიაწვდის, რათა, როგორც თეთრ სახლში ამბობენ,  ჰამასის ტერორისტებმა სიტუაციაზე კონტროლის აღება ვერ შეძლონ.  

გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა  ჰამასის სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ მიიღო და მას "უპრეცედენტო და შემზარავი თავდასხმა" უწოდა.


ღაზას სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს. 

ბოლო მონაცემებით, მოვლენებს ემსხვერპლა ისრაელის 700-ზე მეტი მოქალაქე.

კომენტარები