დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელი ღაზაზე "სასტიკი" დარტყმისთვის ემზადება – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

რკინის გუმბათების მუშაობა ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტების გასანეიტრალებლად, 2023 წლის 8 ოქტომბერი
Amir Cohen/Reuters

ღაზის სექტორის სიახლოვეს მდებარე 20-ზე მეტი დასახლებიდან ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს.

ისრაელი-ღაზის საზღვართან მცხოვრებ ადამიანებს ჰამასიდან მომდინარე საფრთხისა და სექტორზე ისრაელის მოსალოდნელი მძიმე თავდასხმის გამო, სახლების დატოვებას სთხოვენ.

"მომდევნო 24 საათში ჩვენი მისიაა ღაზას სიახლოვეს ყველა მაცხოვრებლის ევაკუაცია". - თქვა შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, დანიელ ჰაგარიმ.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, ვიცეპოლკოვნიკმა რიჩარდ ჰეხტმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ სამხედროები ღაზის სექტორის გარშემო დასახლებული პუნქტების ევაკუაციას იწყებენ იმისთვის, რომ "მინიმუმამდე დაიყვანონ თანმხლები ზიანი და გაიყვანონ ადამიანები, ვინც ჩართული არ არიან" სამხედრო მოქმედებებში.

ჰეხტის თქმით, ისრაელი ჰამასის საპასუხოდ ღაზის სექტორს "სასტიკად" დაარტყამს, თუმცა, მისივე თქმით, შეტევის საბოლოო მიზნებზე გადაწყვეტილებას მთავრობა დღეს ან ხვალ მიიღებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ვიცეპოლკოვნიკმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედროებმა იციან ჰამასს ტყვედ ჩავარდნილი "ათობით" ადამიანის შესახებ, თუმცა ზუსტ რიცხვს ჯერ კიდევ აზუსტებენ.

ჰეხტმა ჰეზბოლას თავდასხმის შესახებაც გააკეთა კომენტარი. სამხედრო მაღალჩინოსანი იმედოვნებს, რომ ლიბანური დაჯგუფება ჰამასს არ შეუერთდება.

"ადრეული დღეებია, დასაწყისში ვართ, ამის დასაწყისში. ძნელია თქმა. ვგულისხმობ, მზად ვართ [საბრძოლო] მოედნების შეთავსებისთვის. ეს არის ის, რისთვისაც მზად ვართ". - აღნიშნა ჰეხტმა.

დღეს, 8 ოქტომბერს ისრაელს ჩრდილოეთიდან თავს დაესხა ლიბანური დაჯგუფება ჰეზბოლაც. მათ ლიბანის სამხრეთიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი გახსნეს.

თავდასხმას ისრაელის თავდაცვის ძალებმა საარტილერიო დარტყმებით უპასუხეს. დრონის მეშვეობით იერიში მიიტანეს ჰეზბოლას ბანაკზეც და დაჯგუფების სხვა ინფრასტრუქტურაზეც.

ბოლო მონაცემებით, გუშინ, 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელის ტერიტორიაზე წამოწყებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 600-მდე გაიზარდა.

მსხვერპლი იზრდება პალესტინელების მხარესაც. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ისრაელის კონტრშეტევის შედეგად დაღუპული პალესტინელების რაოდენობა 313-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 990 ადამიანი.


ღაზას სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

ჰამასის ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს ისრაელის თავდაცვის ძალების მოსამსახურეები და მოქალაქეები, ზოგი კი დახოცეს. გაიტაცეს მოკლული ჯარისკაცების ცხედრები.

კომენტარები