ევროკავშირი ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებს გმობს, მას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ ისრაელს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე "ასეთი სასტიკი და განურჩეველი თავდასხმებისაგან" თავის დაცვის უფლება აქვს.
ამასთან, ევროკავშირი ჰამასს "უაზრო თავდასხმების" შეწყვეტისაკენ მოუწოდებს.
"ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ჰამასის მიერ ისრაელის მასშტაბით განხორციელებულ მრავალრიცხოვან და განურჩეველ თავდასხმებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ადამიანთა სიცოცხლის დაკარგვის გამო.
ევროკავშირი მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეიწყვიტოს ეს უაზრო თავდასხმები და ძალადობა, რაც ადგილზე დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის და სერიოზულად შეარყევს პალესტინელი ხალხის მშვიდობისაკენ მისწრაფებებს".- ნათქვამია ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. მათ ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და საჰაერო იერიშები მიიტანეს.
ტერორისტები ირწმუნებიან, რომ 5 000 რაკეტა ისროლეს. აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა, პარალელურად კი, ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
ამჟამად სამხრეთ ისრაელში დაძაბულობა გრძელდება. ისრაელი კონტრშეტევაზეა გადასული.





