დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჰამასმა დრონებით იერიშის მიტანის ამსახველი კადრები გაავრცელა

სარაკეტო დარტყმის შედეგი ქალაქ აშქელონში, 2023 წლის 7 ოქტომბერი.
Edi Israel/Flash90

ჰამასმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ნაჩვენებია თვითმფრინავი, რომელიც ღაზის სექტორის საზღვართან ახლოს სამხედრო სასწრაფო დახმარების მანქანას ცეცხლს უხსნის. ჩანაწერის მიხედვით, იერიშის შედეგად დაიჭრნენ ისრაელის ჯარისკაცები. ვიდეოს ავთენტურობა ამ დრომდე არ დადასტურებულა.

კიდევ ერთ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს თვითმფრინავი, რომელიც ასაფეთქებელ ნივთიერებას ისრაელის ტანკს ესვრის.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 40 ადამიანი, ხოლო დაშავდა 700-ზე მეტი მოქალაქე. 

7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. მათ ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და საჰაერო იერიშები მიიტანეს.

ტერორისტები ირწმუნებიან, რომ 5 000 რაკეტა ისროლეს. აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა, პარალელურად კი, ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

ისრაელის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შაარ ჰანეგევის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი ოფირ ლიბშტეინი დღეს დილით ჰამასთან ბრძოლის დროს დაიღუპა.

კომენტარები