დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

გატაცებული ცხედრები, აყვანილი მძევლები, დახოცილი მშვიდობიანი პირები – ცნობები ისრაელიდან

ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის მიერ ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცა ალ-აკსას წარღვნის" გამოცხადების პარალელურად ქვეყნის სამხრეთიდან მძიმე კადრები და ცნობები ვრცელდება. მხოლოდ ინფორმაციის გარკვეული ნაწილის დადასტურებაა შესაძლებელი. ტერორისტები სამხრეთში მდებარე რამდენიმე დასახლებაში, მათ შორის ქალაქ სდეროთში არიან შესული.

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ჰამასის ალ-კასამის ბრიგადები ისრაელის სამხრეთში მდებარე ქალაქებში არიან შეჭრილი. გავრცელდა დახოცილი მოქალაქეებისა და ისრაელის ჯარისკაცების ფოტოები. ცნობების მიხედვით, ტერორისტები ცეცხლს განურჩევლად ხსნიან. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს თუ როგორ ესვრიან სამოქალაქო ავტომობილს. რამდენიმე ფოტოში ჩანან ავტობუსის გაჩერებასთან დახოცილი მოქალაქეებიც. კადრების დამოუკიდებლად გადამოწმება ამ დრომდე შეუძლებელია.

ვრცელდება კადრები ღაზის სექტორიდანაც, საიდანაც თავდასხმა წამოიწყეს. როგორც ჩანს, ტერორისტები იტაცებენ ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროების ცხედრებს. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ აგდებენ ბრბოს შუაგულში ჰამასის წარმომადგენლები ჯარისკაცის დასახიჩრებულ ცხედარს და როგორ შეურაცხყოფენ მას. კიდევ ერთ ჩანაწერში ჩანს ავტომობილზე შემომსხდარი ტერორისტები, რომლებსაც საბარგულში უწყვიათ, სავარაუდოდ, დახოცილი სამხედროების ცხედრები, რომლებსაც მანქანას გარშემორტყმული ხალხი აფურთხებს. გავრცელდა სხვა ვიდეოც, რომელშიც ჩანს, ჰამასის წევრები როგორ თელავენ მოკლულ სამხედროს საზღვრის მახლობლად.

ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები, აყვანილი მძევლების შესახებაც. ფოტოში ჩანს 4 მამაკაცი, რომლებიც მიწაზე არიან დაწოლილი და შეიარაღებული პირების კონტროლქვეშ არიან. სხვა ცნობებით, სულ მცირე, ერთი სამოქალაქო პირი გაიტაცეს და ღაზის სექტორში გადაიყვანეს.

რამდენიმე კადრში ჩანს, სავარაუდოდ, ჰამასის მიერ ხელში ჩაგდებული სამხედრო ტექნიკა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებს ეკუთვნოდა. ვიდეოებში სამხედრო ავტომობილები ღაზის სექტორში შეჰყავთ, სადაც მათ ხალხი ეგებება.

ღაზის სექტორში შეყვანილი სამხედრო ავტომობილი, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებს ეკუთვნოდა

ერთ-ერთ დაუდასტურებელ ვიდეოში ჩანს ღაზის საზღვართან მდებარე ისრაელის ტანკი, რომელსაც ცეცხლი უკიდია და გარშემო პალესტინელი არაბები დგანან.

გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები, რომ ალ-კასამის ბრიგადებმა დაიკავეს ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე ისრაელის სამხედრო ბაზა. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ტერორისტებმა ქალაქ სდეროთში დაიკავეს პოლიციის სადგურიც.

პარალელურად ვრცელდება კადრები ცენტრალური ისრაელიდან, სადაც საცხოვრებელი კორპუსები და ქუჩები სარაკეტო იერიშების შედეგად დაზიანდა.

მოულოდნელი თავდასხმა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს. აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

ისრაელის თავდაცვის ძალებში საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებიან.

კომენტარები