2023 წლის ბიუჯეტი

საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით 1-ის წინააღმდეგ 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

ტაბულა

საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით 1-ის წინააღმდეგ საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო

“2023 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იზრდება და განისაზღვრება 6,5%-ის ოდენობით; მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი მცირდება და განისაზღვრება 3,1%-ის ოდენობით; ასევე, შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი და 2,6%-ს შეადგენს; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა განისაზღვრება 78,8 მლრდ ლარის ოდენობით და ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 19,4 მლრდ ლარის ოდენობით. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ საგადასახადო შემოსავლები ჯამში იზრდება 520,0 მლნ ლარით, საიდანაც 420,0 მლნ ლარი მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 100,0 მლნ ლარი ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში”.- თქვა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

ცვლილებები ასევე შეეხო სახალხო დამცველის აპარატს, ახალი შენობის მშენებლობის ხარჯების დასაფინანსებლად, დამატებით გამოეყოფა 2.5 მილიონი ლარი. ასევე დამატებით გამოიყო ფინანსები პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის, 500 ათასი ლარის ოდენობით.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 250,0 მილიონი ლარით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება - 47,0 მილიონილარით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ასიგნებები - 34,0 მილიონი ლარით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - 23,0 მილიონი ლარით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - 20,0 მილიონი ლარით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები იზრდება 40,0 მილიონი ლარით, ხოლო თავდაცვის სამინისტროს - 10,0 მილიონი ლარით.

ასევე იზრდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსებაც, რაც დაკავშირებულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან

კომენტარები